ახალი ამბები

ახალი რეგულაციები მასწავლებლებისთვის- მოსალოდნელი ეფექტი

5 იანვარი, 2015 • 2117
ახალი რეგულაციები მასწავლებლებისთვის- მოსალოდნელი ეფექტი

 დისციპლინური წარმოება მასწავლებლის მიმართ მას შემდეგ იწყება, თუ მასწავლებლის წინააღმდეგ საჩივარი შევა დისციპლინურ კომიტეტში. ბრძანების მიხედვით,

თამარ მოსიაშვილი
თამარ მოსიაშვილი

დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველი შეიძლება იყოს: მოსწავლის, მოსწავლის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის, შესაბამის სკოლაში დასაქმებული პირის, აგრეთვე, იმ პირის წერილობითი მიმართვა ან ინფორმაცია, რომლის სამსახურებრივ მოვალეობასაც წარმოადგენს სკოლაში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა; გარდა ამისა, მოკვლევა დაიწყება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობითაც, თუმცა ამ შეთხევაშიც დისციპლინურ კომიტეტს წერილობით უნდა მიმართოს სკოლის სამეურვეო საბჭომ ან სკოლის დირექტორმა.

 

ბრძანების მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ სკოლის დირექტორი არ იზიარებს დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილებას მასწავლებლისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრებასთან დაკავშირებით, სკოლის დირექტორი ვალდებულია დისციპლინურ კომიტეტსა და დაინტერესებულ პირს, წერილობით დაუსაბუთოს უარი მასწავლებლისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრებასთან დაკავშირებით.

 

მასწავლებლის მხრიდან დისციპლინურ გადაცდომად ითვლება „მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის“ დარღვევა; საჯარო სკოლის შინაგანაწესის/ სკოლის წესდების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება; სკოლის ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე ალკოჰოლის, ნარკოტიკული ან სხვა ტოქსიკური საშუალებების მიღება, ასევე სკოლის ტერიტორიაზე თამბაქოს მოხმარება; სამსახურში გამოცხადება არაფხიზელ მდგომარეობაში, ასევე ნარკოტიკული, ან ტოქსიკური საშუალებების ზემოქმედების ქვეშ; სკოლის ტერიტორიაზე/სასკოლო დროს უსაფრთხოების წესების დარღვევა. სხვა დისციპლინური გადაცდომა, რომელიც  სკოლის შინაგანაწესით არის განსაზღვრული.

 

რაც შეეხება დისციპლინურ სახდელს, ბრძანებაში გაწერილი სასჯელის ჩამონათვალი ასე გამოიყურება: შენიშვნა; საყვედური; სასტიკი საყვედური; სამსახურიდან გათავისუფლება…

 

ბრძანების თანახმად, ერთი დისციპლინური გადაცდომისთვის შეიძლება დაკისრებულ იქნეს დისციპლინური სახდელის მხოლოდ ერთი სახე. და დაუშვებელია სკოლის მიერ მასწავლებლისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრება იმ ქმედებისთვის, რომელიც მან ჩაიდინა სასკოლო დროისგან თავისუფალ დროს ან სკოლის ტერიტორიის გარეთ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სკოლას აქვს დასაბუთებული ინტერესი.

 

დისციპლინური კომიტეტი ყველა სკოლაში არსებობს და შემდეგი წესით კომპლექტდება – მის შემადგენლობაში თანაბარი რაოდენობით არიან წარმოდგენილი მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები. მისი წევრი არ შეიძლება იყოს სამეურვეო საბჭოს წევრი. კომიტეტს კი  სამეურვეო საბჭო ამტკიცებს. დისციპლინური კომიტეტი აქამდე მხოლოდ მოსწავლის მხრიდან გამოვლენილ დარღვევაზე რეაგირებდა.

 

განათლების მინისტრის ახალ ბრძანებას სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის განათლების სპეციალისტი თამარ მოსიაშვილი აფასებს:

 

„მასწავლებელთა დისციპლინის რეგულირების საკითხი მნიშვნელოვანია, მათი წახალისების პროცედურებთან ერთად. ეს რეგულაციები ცალსახად სკოლის ,,კუთვნილება“ უნდა იყოს. ცენტრალიზებულად ამგვარი საკითხების რეგულირება ვერ გამოიწვევს ცვლილებებს სკოლის დონეზე. ამასთან, უნდა აღნინიშნოს, რომ დისციპლინის საკითხების რეგულირება აღწერილი იყო სკოლის შინაგანაწესებში, მაგრამ ნაკლებად წარმოადგენდა ქმედუნარიან აქტს.

 

დისციპლინის დარღვევის ერთი მიზეზი შეიძლება მასწავლებლის ეთიკის კოდექსის დარღვევა იყოს. ეთიკის კოდექსის მიხედვით კი, ,,მუხლი 4 მოსწავლეებთან ურთიერთობა ,, 3. მასწავლებელი არ უწევს საკუთარ მოსწავლეს დამატებით ფასიან საგანმანათლებლო მომსახურებას, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“, საკუთარი მოსწავლის მომზადება ეთიკის დარღვევაა. ძნელია არ დაეთანხმო ამ მოსაზრებას, თუმცა რეალურად ასე არ, ან ვერ მოხდება. გამოცდების რაოდენობა და სხვა პრობლემები უბიძგებს სისტემას შექმნას და გააძლიეროს სარეპეტიტორო სკოლა. ბევრ დასახლებულ პუნქტში ერთზე მეტი მასწავლებელი არ არის, მაგალითად, სკოლაში მუშაობს ერთი ინგლისურის მასწავლებელი, სად წავა მოსწავლე მოსამზადებლად? რეპეტიტორობაზე კი დღეს სერიოზული მოთხოვნაა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ამ ბრძანებამ არა მგონია რაიმე სერიოზულად შეცვალოს სკოლაში, რადგან დისციპლინის რეგულირების საჭიროება სკოლიდან არ მოდის, რეგულირების წესები მოცემული იყო სკოლის შინაგანაწესებში უკვე წლებია. ამასთან ერთად იმ საკითხების შემცირებისკენაა მიმართული, რომლის მიზეზები სისტემურ ცვლილებებს მოითხოვს.

 

ეთიკის კოდექსი ასევე ხაზს უსვამს შემდეგ საკითხს: მუხლი 4- 9. მასწავლებელი არ ეწევა მოსწავლეებთან რელიგიურ (გარდა იმ სკოლების მასწავლებლებისა, რომლებიც ეწევიან რელიგიურ საგანმანათლებლო საქმიანობას) და პოლიტიკურ პროპაგანდას.

 

ნამდვილად ეთიკისა და კანონის დარღვევაა რელიგიური პროპაგანდა, მაგრამ განა ეს ბრძანება რაიმეს შეცვლის? ეს ხომ ისედაც ვიცით და წერია ზოგადი განათლების შესახებ კანონსა და მასწავლებლის ეთიკის კოდექსში. როგორ უნდა გავაძლიეროთ სკოლებში სეკულარიზმი ამ რეგულაციით? არა მგონია, უპირატესობას სკოლაში სხვადასხვა პროგრამის ამოქმედებასა და შინაგანაწესში სკოლის საზოგადოებიდან მსგავსი ინიციატივების ასახვას მივანიჭებდი.

 

ხაზს გავუსვამდი იმ ფაქტს, რომ მხოლოდ დისციპლინური სახდელები (რომელიც აუცილებელია შემუშავებული იქნას სკოლის დონეზე) არაფერს მოგვიტანს, დარჩება უმოქმედოდ. განვითარებისთვის კარგი იქნებოდა სხვადასხვა პროგრამის ამოქმედება, მათ შორის სკოლის შინაგანაწესის განვითარების თაობაზე, ასევე სეკულარიზმზე და სარეპეტიტორო სკოლის შესუსტების მიმართულებით.

 

სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს ბრძანება არაფერს შეცვლის, რადგან რეგულაციები არსებობდა და აღწერილიც იყო შინაგანაწესში. მათ შორის დისციპლინური კომიტეტის შექმნა, რომელიც დისციპლინურ გადაცდომებს იხილავს“.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი