ეკონომიკა

ახალი საგადასახადო ნორმები – ჩამოწერილი დავალიანებები, საურავები და ჯარიმები

5 იანვარი, 2015 • 3073
ახალი საგადასახადო ნორმები – ჩამოწერილი დავალიანებები, საურავები და ჯარიმები

 “საგადასახადო კოდექსში” შესული ცვლილებებით, რომლებიც უკვე ამოქმედდა,  ჩამოწერას დაექვემდებარა „2005 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და დღემდე გადაუხდელი საგადასახადო დავალიანების თანხა, თუ გადამხდელს შემდგომ პერიოდში აქტივობები არ უფიქსირდება“.

 

„აქტივობები არ უფიქსირდება“, ნიშნავს, რომ 2005 წლის 1 იანვრიდან დღემდე გადამხდელს  ჩაბარებული არ აქვს დეკლარაცია, ან ჩაბარებული აქვს, მაგრამ დამატებითი გადასახდელი თანხა არის ნული, ე.ი. არც შემოსავლი ჰქონდა და არც ხარჯი [ანუ, ფაქტობრივად, აღარ არსებობს]. სწორედ ასეთ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს ჩამოეწერება 2005 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და დღემდე გადაუხდელი საგადასახადო დავალიანების თანხა.

 

კოდექსით, ჩამოწერას დაექვემდებარა აგრეთვე „2009 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაზე დარიცხული საურავი და 2009 წლის 1 იანვრამდე დარიცხული აღიარებული ჯარიმა, აღიარებული გადასახადის თანხის გადახდის პირობით, თუ პირს შემდგომ პერიოდში აქტივობები არ უფიქსირდება“.

 

გადამხდელს გადასახადი შეიძლება დააკისროს საგადასახადო სამსახურმა, ან  თავად გადამხდელმა მოახდინოს რაღაც გადასახადის დეკლარილება, ვთქვათ, დაგვიანებით.  შესაბამისად, მას ერიცხება თვით ეს გადასახადი, რომელსაც ემატება საურავი და ჯარიმა. ახალი კანონით, თუ გადამხდელს გადახდილი აქვს ეს ძირითადი გადასახადი და დარჩენილი აქვს საურავი ან/და ჯარიმა, მას ეს საურავი და ჯარიმა ჩამოეწერება, თუ 2009 წლის 1 იანვრიდან დღემდე აღარ უფიქსირდება აქტივობა [ანუ, ამ შემთხვევაშიც, შესაძლოა, დეკლარაცია კი აქვს ჩაბარებული შემდგომ პერიოდებში, მაგრამ დამატებით დასარიცხი თანხა არის 0].

 

მაგალითად, 2009 წლის 1 იანვრამდე გადამხდელს სახელფასო და საშემოსავლო დავალიანება უფიქსირდება, დავუშვათ, 2 ან 3 ათასი ლარი ხანგრძლივი დროის განმავლობაში. მას ამ დავალიანებაზე ყოველდღიურად ერიცხება საურავი, ასევე, გარკვეული ჯარიმაც. მოხდა ისე, რომ გადამხდელმა დაფარა ძირი თანხა, მაგრამ შედარების აქტში უჩანს, რომ საურავი/ჯარიმა, ვთქვათ, 1000 ლარი, დარჩენილი აქვს დავალიანებად [ანუ ის, რაც ვერ გადაიხადა]. ზუსტად ამ საურავის და ჯარიმის ჩამოწერაზეა საუბარი [თუ, რა თქმა უნდა, 2009 წლის 1 იანვრიდან დღემდე აღარ უფიქსირდება აქტივობა].

 

საგადასახადო კოდექსის მიხედვით ჩამოიწერება „საკონტროლო სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევისათვის ფიზიკური პირისათვის 2013 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული/დარიცხული და ამ ნორმის ამოქმედებამდე გადაუხდელი ჯარიმაც“.

 

ამ შემთხვევაში, ეს ნორმა ეხება მხოლოდ ფიზიკურ პირს [ინდ/მეწარმეს] და არ ეხება იურიდიულ პირს [ შპს-ს და სხვებს]. მაგალითად, პიროვნება [ინდ/მეწარმე] 2013 წლის 1 იანვრამდე, ვთქვათ, დაჯარიმებულია კოდექსის 281-ე მუხლით – სალარო აპარატის გამოუყენებლობა, არასწორად გამოყენება, არასწორი თანხის ამორტყმა და ა.შ. თუ 2013 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 1 იანვრამდე მას ეს ჯარიმა არ ქონდა გადახდილი, ჯარიმა ჩამოეწერება და აღარ გადაიხდის [მათ კი, ვისაც გადახდილი აქვთ ეს ჯარიმა, ის უკან, ბუნებრივია, აღარ დაუბრუნდებათ].

 

კოდექსში შეტანილი ცვლილებით, „დავალიანების გადახდევინების გადავადება შესაძლებელი გახდა ერთი წლით, უზრუნველყოფის საშუალებების წარდგენის გარეშე, თუ საგადასახადო დავალიანების თანხა არ აღემატება 5000 ლარს“.

 

„საგადასახადო კოდექსის“ მე-8 მუხლი ჩამოყალიბებულია შემდეგნაირად, რომ  შეიძლება 3 წლის განმავლობაში გადაგივადონ გადასახადი, თუ გაგაჩნია აქტივები ფირმის საკუთრებაში, თუ გაქვს საბანკო გარანტია და ა.შ.

ამას ამჯერად დაამატეს, რომ თუ გადამხდელის დავალიანება არ აღემატება 5 ათას ლარს, მაშინ შესაძლებელია მას ყოველგვარი ზემოაღნიშნული გარანტიების გარეშე უბრალოდ გადაუვადონ/გადაუნაწილონ ერთი წლის განმავლობაში ეს დავალიანება და ნელ-ნელა დაფაროს შედგენილი გრაფიკის მიხედვით. თუმცა გადამხდელს საურვები ამ შემთხვევაში მაინც დაერიცხება. 

 

„ეტაპობრივად განხორციელდება საგადასახადო შემოწმების, გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის და სანქციის დარიცხვის, აგრეთვე გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის 6-წლიანი ხანდაზმულობის ვადის 3 წლამდე შემცირება. 2015 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 1 იანვრამდე ხანდაზმულობის ვადა შემცირდება – 5 წლამდე, 2016 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე – 4 წლამდე, 2017 წლიდან – 3 წლამდე“.

 

როგორც აუდიტორულ კომპანია „აჭარა ელიტ აუდიტში“ განმარტავენ, ხანდაზმულობის ვადის შემცირება შარშან დაიწყო. თუ 6 წლის შემოწმების უფლება ქონდა საგადასახადოს [ანუ 6 წელი იყო ხანდაზმულობა], საბოლოოდ, ზემოაღნიშნული პერიოდების მიხედვით, ეს ვადა დაიკლებს და დარჩება 3 წელი. ამ ვადის იქით კი საგადასახადო შემოწმება შესაძლოა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში და ისიც სასამართლოს ძალით განხორციელდეს.

 

 

კოდექსში შეტანილი ცვლილებით 2016 წლის 1 იანვრამდე გადავადდა სუსტი კაპიტალიზაციის მარეგულირებელი დებულებების ნორმები.

ამ შემთხვევაში ძირითადად საუბარია სესხის პროცენტის გამოქვითვაზე [სუსტი კაპიტალიზაციის ნორმების მიხედვით საჭიროა კაპიტალთან სპეციალური თანაფარდობა, რათა ფიზიკურ ან იურიდიულ პირს ქონდეს უფლება, რომ ყოველწლიურად გამოქვითოს სესხის პროცენტი].

 

მაგალითად, გადამხდელს თუ არ გაგაჩნია კაპიტალთან სპეციალური თანაფარდობა, შესაძლოა საერთოდ არ ქონდეს სესხთან დაკავშირებული პროცენტის გამოქვითვის უფლება. ვთქვათ, წლის განმავლობაში დარიცხული აქვს სესხის პროცენტი – დავუშვათ, 50 ათასი ლარი. მან დაასრულა წელი, ჩააბარა ბალანსი, გამოიყვანა შედეგები და აღმოჩნდა, რომ მისი თანაფარდობა არ ექვემდებარება სუსტი კაპიტალიზაციის თანაფარდობას. ამ შემთხვევაში გადამხდელმა შეიძლება სესხთან დაკავშირებული პროცენტი, ანუ ეს 50 ათასი ლარი საერთოდ ვერ გამოქვითოს ხარჯებში.

 

სუსტი კაპიტალიზაციის მარეგულირებელი ეს დებულებები, რომელსაც საკმაოდ ვრცელი ინსტრუქცია ახლავს და რომელთა ამოქმედება ერთი წლით კიდევ გადაიდო, ძალაში დღემდე არ ყოფილა შესული. 

მასალების გადაბეჭდვის წესი