ლადო კახაძემ, “ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატმა პარლამენტის შუალედურ არჩევნებში, არ უპასუხა კითხვას, ეთანხმება თუ არა შალვა შავგულიძის მიმართ მმართველი გუნდის ბრალდებებს, რომელიც გირგვლიანის საქმეს უკავშირდება.
შალვა შავგულიძე, მთაწმინდის ოლქში “თავისუფალი დემოკრატებისა” და “ევროპული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატი, წინასაარჩევნო პერიოდში ჯერ მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა, შემდეგ კი “ოცნების” სხვა ლიდერებმა დაადანაშაულეს “გირგვლიანის საქმის” გამო.
შავგულიძე იყო გირგვლიანის ადვოკატი და საქმე სტარსბურგის სასამართლოშიც მოიგო, თუმცა ივანიშვილმა მოსამართლე ლევან მურუსიძის გადაწყვეტილება იმით გაამართლა, რომ “შავგულიძემ არ დაწერა აპელაცია”. ამის შემდეგ წინასაარჩევნო კამპანია “ოცნებამ” სწორედ ამ თემაზე ააგო და შავგულიძემაც არაერთხელ უპასუხა.
16 მაისს ტვ პირველის გადაცემა “რეაქციაში” ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ ლადო კახაძეს ჰკითხა, ეთანხმებოდა თუ არა მმართველი გუნდის ამ ბრალდებას მისი კონკურენტი შავგულიძის მიმართ. კახაძემ ამ კითხვას არ უპასუხა და განაცხადა, რომ “შალვა შავგულიძე აბორტმახერების მხარეს დადგა”.
შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება.