რა აღიარა მურუსიძემ – შავგულიძე “იმედის” პირისპირ [video]

მოსამართლე ლევან მურუსიძე, რომლის დასაცავად ბიძინა ივანიშვილმა შალვა შავგულიძე დაადანაშაულა, აღიარებს, რომ ადვოკატი ვეღარ მიმართავდა საკასაციო სასამართლოს გირგვლიანის საქმეზე, თუკი პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებდა და დაკმაყოფილდებოდა.

საუბარია საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურ და გახმაურებულ, გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე. სანდრო გირგვლიანი 2006 წელს მოკლეს. 2011 წელს კი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ამ საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა, რომელშიც წერია:

“სასამართლო გაოგნებულია იმ შეთანხმებული ქმედებებით, რომლითაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოები მოქმედებდნენ… რათა ამ საშინელ მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო“.

სტრასბურგის ასეთი გადაწყვეტილებიდან 8 წლის შემდეგაც  გირგვლიანის საქმე კვლავ ცხარე დისკუსიის საგანია მისი აქტორების და “ოცნების” ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის გამო.

შალვა შავგულიძე,  გირგვლიანის საქმის ადვოკატი, რომელმაც საქმე საქართველოში წააგო, ხოლო სტრასბურგში მოიგო [ადვოკატ დავით ჯანდიერთან ერთად], ამჟამად ხელისუფლების ოპოზიციაშია. ის “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერია და მთაწმინდის მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობს. მას მხარს ევროპული საქართველოც უჭერს.

ლევან მურუსიძე, გირგვლიანის საქმეზე უზენაეს სასამართლოში მიღებული გადაწყვეტილების ერთ-ერთი მოსამართლე, ამჟამად თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო  მოსამართლეა. ის უვადო მოსამართლედ 2018 წლის 27 დეკემბერს დანიშნეს, ამის შემდეგ კი იუსტიციის საბჭომ პარლამენტს მოსამართლეთა 10-კაციანი სია წარუდგინა დასამტკიცებლად, რომელიც “ოცნებაშიც” კი განხეთქილების მიზეზი გახდა. არასამთავრობო სექტორი “მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის” წინააღმდეგ გამოვიდა და კლანის ლიდერების, მათ შორის მურუსიძის გადადგომა მოითხოვა.

ბიძინა ივანიშვილმა, “ქართული ოცნების” ლიდერმა, 2019 წლის 9 აპრილს ტელეკომპანია “იმედის” გადაცემაში “პირისპირ” გირგვლიანის საქმეზე ლევან მურუსიძის გადაწყვეტილება გაამართლა ,  მურუსიძის არგუმენტი გაიმეორა და საქმის ადვოკატი შალვა შავგულიძე “ორმაგ თამაშში” დაადანაშაულა:

“რაც იყო მაქსიმუმი, მურუსიძე კანონმდებლობას ვერ გადაახტებოდა. დღეს შარს სდებენ მურუსიძეს და მას ახსენებენ, რომ გირგვლიანის საქმე პირველ ინსტანციაში დაებრუნებინა, რამეთუ მკვლელობისთვის სასჯელი არ იყო საკმარისი. ამის უფლებაც არ ჰქონდა მურუსიძეს. იცით, რატომ? იმიტომ, რომ შავგულიძემ თავის დროზე არ დაწერა აპელაცია”, – თქვა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია “იმედთან” ინტერვიუში 9 აპრილს.

შალვა შავგულიძემ განმარტა, რატომ არ გაასაჩივა გირგვლიანის საქმეზე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება:

“ჩვენ დავდგებოდით იმ საშიშროების წინაშე, რომ თუ სააპელაციო სასამართლო დააკმაყოფილებდა ჩვენს მოთხოვნას, აღარ შეგვეძლებოდა სასამართლოს განაჩენის გასაჩივრება საკასაციო ინსტანციაში და ასევე აღარ გვექნებოდა შესაძლებლობა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოსათვის მიგვემართა, ვინაიდან დაკმაყოფილებული იქნებოდა სასამართლოს წინაშე ჩვენს მიერ დაყენებული მოთხოვნა”.

რატომ “არ დაწერა აპელაცია”, შავგულიძემ არაერთხელ ახსნა. მათ შორის “ოცნების” ერთ-ერთ ლიდერთან, მდინარეძესთან დებატებში, რომელმაც უთხრა, რომ ამ “ტაქტიკით” საფრთხის წინაშე დააყენა გირგვლიანის საქმე.

30 აპრილს ამ თემაზე “იმედმა”  მაყურებელს კიდევ ერთი, შავგულიძე -მურუსიძის დებატები შესთავაზა, რა დროსაც მურუსიძემ სწორედ ამ დეტალს გაუსვა ხაზი – პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გასაჩივრების თემას, თუმცა საბოლოოდ  განაცხადა, რომ ადვოკატი ვეღარ შეძლებდა საქმის უზენაეს სასამართლოში წაღებას, თუკი პირველი ინსტანციის საქმეზე საჩივარს სააპელაციო სასამართლო დააკმაყოფილებდა. შავგულიძესა და მურუსიძეს შორის ასეთი საუბარი გაიმართა: 

მურუსიძე:  [გირგვლიანის საქმეზე] თქვენ არ გაასაჩივრეთ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და ამით განსაზღვრეთ ამ საქმის მომავალი ბედი. რატომ არ გაასაჩივრეთ?

შავგულიძე: მოდით, ვიდრე მე გაგცემთ პასუხს, იქნებ თქვენ უპასუხოთ თქვენსავე კითხვას. შემეძლო თუ არა გამესაჩივრებინა კვალიფიკაციის შეცვლის ნაწილში, ან გამოძიებაში უკან დაბრუნების საკითხი დამეყენებინა?  უფრო მარტივად რომ გკითხოთ, შემეძლო თუ არა, სასჯელის ზომის გაზრდის გარდა, სხვა მოთხოვნა დამეყენებინა? ანუ დავთანხმებოდი პროკურატურის მოთხოვნას, თუ შემეძლო ჩემი განსხვავებული მოთხოვნა დამეყენებინა? და მეორე კითხვა, სააპელაციო სასამართლოს რომ დაეკმაყოფილებინა და ის ერთი წელი მოემატებნინა მსჯავრდებულებისთვის, ასეთ შემთხვევაში მე შემეძლო თუ არა საკასაციო სასამართლოსთვის მიმემართა?

მურუსიძე: პროკურორის საჩივარი რომ დაეკმაყოფილებინა, მაგ შემთხვევაში გაასაჩივრებდით კასაციაში? ბატონო შალვა, თუ თქვენ არ შეგეძლოთ სხვა მოთხოვნის დაყენება, მაშინ საკასაციოსთან რა პრეტენზია გაქვთ?

შავგულიძე: რა პრეტენზიაც მაქვს, ის უკვე გითხარით..

მურისიძე: არ შეგეძლოთ უფრო მკაცრი კვალიფიკაცია [მოგეთხოვათ], არ შეგეძლოთ საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნება[მოგეთხოვათ], მაგრამ თქვენ შეგეძლოთ, რომ გაგესაჩივრებინათ და მოგეთხოვათ უფრო მკაცრი სასჯელი და თქვენ შეგეძლოთ გაგესაჩივრებინათ იმ შუამდგომლობებზე უარი, რომელზეც თქვენ უარი გითხრათ პირველი ინსტანციის სასამართლომ.

შავგულიძე: მეორე კითხვაზე მიპასუხეთ. სასჯელი ნაწილში რომ დაეკმაყოფილებინა აპელაციას, მე შემეძლო თუ არა ეს საქმე წამეღო, გამესაჩივრებინა თქვენთან, საკასაციოში? თუ დამთავრდებოდა იქ?

მურუსიძე: მოდით, მაშინ იცი რა ვქნათ? მაგაზე რომ ნათლად გიპასუხოთ, ეს ეხება თქვენს ტაქტიკას…

შავგულიძე: რა შუაშია ტაქტიკა, მე კითხვას გისვამთ, საპროცესო კოდექსის მიხედვით, შემეძლო [თქვენთან გასაჩივრება]?

მურუსიძე: არ შეგეძლოთ.

შავგულიძე: ესე იგი, მე რომ გამესაჩივრებინა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციოში, შემეძლო მხოლოდ მომეთხოვა ერთი წლით სასჯელის მომატება და რომ დაეკმაყოფილებინა ეს მოთხოვნა სააპელაციო სასამართლოს, გირგვლიანის საქმე იქ დამთავრდებოდა, მე ვეღარ მივმართავდი ვერც კასაციას და ვეღარც ევროპის სასამართლოს.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი