ახალი ამბები

ქართული გეი დრამის ცეკვის ქორეოგრაფს ანონიმად მოუწია დარჩენა

16 მაისი, 2019 •
ქართული გეი დრამის ცეკვის ქორეოგრაფს ანონიმად მოუწია დარჩენა

ცეკვის ქორეოგრაფს, რომელმაც ქართული გეი დრამისთვის (“და ჩვენ ვიცეკვეთ”) იმუშავა, ანონიმად დარჩენა მოუწია. მისი სახელი და გვარი არც ფილმის ტიტრებშია მოცემული, რომელიც კანის კინოფესტივალის “რეჟისორის ორკვირეულის” სექციაში დღეს უჩვენეს.

ფილმის რეჟისორმა ლევან აკინმა ამ ფაქტს სამწუხარო უწოდა. მისი თქმით, ქორეოგრაფი იძლებული გახდა ასე მოქცეულიყო. მან ფილმის ქორეოგრაფს მადლობა გადაუხადა.

“მან დიდებული საქმე გააკეთა, [ფილმის] ბოლო ცეკვა არის ნაზავი ტრადიციული ქართული ცეკვისა და თანამედროვე ცეკვის”, – ამბობს რეჟისორი პრემიერის შემდეგ კითხვა-პასუხისას. აღნიშნულის ამსხველი ვიდეო რადიო თავისუფლებამ გაავრცელა.

ტელეკომპანია რ2-ის ცნობით, ფილმის გადაღებისას ჯგუფს თემატიკის გამო პრობლემები მუსიკის კუთხითაც შეექმნა.

“პროდიუსერს უარი უთხრეს მუსიკის საავტორო უფლებებზეც, ამიტომ თავიდან დაიწერა ყველა ქორეოგრაფიული ნომრისთვის მუსიკა, რომელზეც ფილმში ცეკვავენ”.

რ2-ის ცნობით, საბოლოოდ საავტორო უფლებები შემოქმედებით ჯგუფს მანანა მენაბდემ და ჯგუფმა „დრომ“ მიჰყიდა.

“და ჩვენ ვიცეკვეთ” – ასე ჰქვია შვედეთში მოღვაწე რეჟისორის, ლევან აკინის ქართულ/შვედური წარმოების ქვიარ თემატიკაზე შექმნილ დრამას, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე გაიმართა, “რეჟისორის ორკვირეულის” სექციაში.

“მერაბი პატარაობიდან ემზადება ქართულ ნაციონალურ ანსამბლში თავის საცეკვაო პარტნიორ მარისთან ერთად. მისი სამყარო თავდაყირა დგება, როდესაც ქარიზმატული ირაკლი იწყებს იმავე ანსამბლში სიარულს და მისი ყველაზე ძლიერი კონკურენტი და სურვილი ხდება. მერაბი გრძნობს, რომ კონსერვატიულ გარემოში უნდა გათავისუფლდეს და გარისკოს”, – ასეთია ფილმის ოფიციალური სინოფსისი.

ქართული წარმომავლობის ლევან აკინს, რომელიც შვედეთშია დაბადებული, აქამდე ორი ფილმი აქვს გადაღებული. ეს მისი მესამე ნამუშევაბარია. Indiewire-ის მიხედვით, ფილმი საქართველოშია გადაღებული.

“ამ ფილმით მე, როგორც რეჟისორი, ჩემს ფესვებს დავუბრუნდი. ადამიანების რეალურ ცხოვრებას. ფილმში და იმას, რაც საქართველოში ხდება, ამბავზე გავლენა აქვს”, – წერს აკინი.

რეჟისორის განცხადებით, ერთი მხრივ, ფილმი ეხება ახალგაზრდა ლგბტ+ ადამიანების ცხოვრებას, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს ისტორიასა და დღევანდელ სიტუაციას. მისივე განმარტებით, ფილმი თავისუფლების მნიშვნელობაზეა.

აკინის განმარტებით, ფილმის ინსპირაცია 2013 წლის 17 მაისის გახმაურებული თავდასხმა იყო ეკლესიის მიერ ორგანიზებული ჯგუფების მხრიდან ლგბტ თემზე. რეჟისორი აცხადებს, რომ როდესაც მან ეს ამბავი იხილა, იგრძნო, რომ ამ საკითხს უნდა გამოხმაურებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი