შრომის უსაფრთხოებაზე აპლიკაცია იქმნება, რომელშიც განთავსდება შრომის უსაფრთხოების საკანომდებლო ნორმები.
ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ ნეტგაზეთს უთხრა, რომ ფოკუსი გაკეთდება მშენებლობასა და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. ამასთან, მობილური აპლიკაცია იქნება როგორც Android-ის, ასევე iOS -თვის.
“ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეეძლება ამ აპლიკაციის გადმოწერა. მასში იქნება ყველა ის ინფორმაცია, რაც შრომის უსაფრთხოებას უკავშირდება. მაგალითად, როგორ უნდა მოეწყოს ხარაჩო და როგორ უნდა შესრულდეს სამუშაო უსაფრთხოდ. ამ ეტაპზე ტექნიკური დეტალები ზუსტდება, შესაბამისად, აპლიკაცია, სავარაუდოდ, 10 დღეში ჩაეშვება,” – აცხადებს ფერაძე.
ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ასევე ამბობს, რომ აპლიკაცია GIZ-ის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა, თუმცა მისთვის უცნობია, რამდენი დახარჯა ორგანიზაციამ მის შექმნაზე.
“ამ აპლიკაციის შექმნის საჭიროება დადგა, რადგან შრომის უსაფრთხოების საკითხზე ცნობიერების ამაღლება აშკარად საჭიროა. აპლიკაციის შექმნა გრანტის პირობებში მოხდა და, ვფიქრობთ, ის საჭიროა როგორც დასაქმებულისთვის, ასევე მენეჯერებისთვის. სამუშაოს დაგეგმვის პროცესში უსაფრთხოების პროცედურებზე ინფორმაცია აპლიკაციის მეშვეობით მარტივად იქნება ხელმისაწვდომი,” – ამბობს ბექა ფერაძე.