“საჯაროდ თუ დახურულ ფორმატში, მნიშვნელობა არ აქვს. ის ადამიანები, რომლებსაც წვდომა არ აქვს საიდუმლო მასალებზე, ამ შემთხვევაში მინდა ვთქვა, რომ ჩადენილია სისხლის სამართლის დანაშაული, თუ ეს ასე მოხდა. ვინაიდან არათუ მასალების გაცნობა და წარდგენა ამ შემთხვევაში, არამედ ინფორმაციის მატარებელმა პირმა, რომელმაც იცის ეს ინფორმაცია და შეუძლია მას ჰქონდეს, არ შეუძლია სხვას გაანდოს, ამ შემთხვევაში, საგანელიძეს და მის კოლეგებს,”– განაცხადა ადვოკატმა ლევან სამუშიამ.

 

საქმე ეხება საპატლამენტო უმრავლესობის ლიდერის, დავით საგანელიძის მიერ 4 ნოემბრის განცხადებას, სადაც მან თქვა, რომ საქმის დეტალები იცის:

 

“მე მასალების დიდი ნაწილი ვიცი და გავეცანი. აშკარად ჩანს იქ კორუფციული გარიგებები,”– თქვა საგანელიძემ.

 

მანვე 5 ნოემბერს დააზუსტა, რომ იცნობს იმ მასალებს, რაც პრემიერმა პოლიტსაბჭოს სხდომის დროს წარმოადგინა:

 

“ეს იყო კაბელების საკითხი, რა იყო პირველი ტენდერის მოთხოვნა, რამდენი იყო თანხა, როგორი ეტაპებით იყო გადარიცხული, ეს არის სერიოზული ინფორმაცია. არც ერთი კომერციული კონტრაქტი ასეთი სახით არ დგება”, – განაცხადა საგანელიძემ.

 

დღეს, 6 ნოემბერს კი პრემიერ-მინისტრმა გაავრცელა განცხადება, სადაც უარყო ინფორმაცია, რომ პრემიერი საქმის მასალებს იცნობს:

 

“პრემიერ-მინისტრისთვის ცნობილია პროკურატურის საჯარო განცხადებები, ასევე, ბუნებრივია, მთავრობის მეთაური ამ საქმესთან დაკავშირებით ფლობს დამატებით ინფორმაციას, მაგრამ არა საქმის მასალებს. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ გამოძიების მასალებზე ხელი არავის მიუწვდება, გარდა საქმეში მონაწილე პირებისა,”– ნათქვამია პრემიერის პრეს–სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

ადვოკატები ამბობენ, რომ თუკი ამ საქმის მასალებს პოლიტიკოსები მართლაც გაეცნენ, მაშინ საქმე გამოსულია სამართლებრივი ჭრილიდან.

 

გარდა ამისა, ადვოკატები აცხადებენ, რომ ბრალდებულთა მიმართ პოლიტიკოსები უდანაშაულობის პრეზუმფციასაც არღვევენ:

“ვისაც არ ეზარება, ეს არის პარლამენტის წევრი, პროკურატურის თანამშრომელი თუ სხვა პირი, ყველა საუბრობს ამ საქმის დეტალებზე, განსაკუთრებით განმაცვიფრა ბატონი საგანელიძის განცხადებებმა, რომელმაც პირდაპირ ბრალი დადო ამ პიროვნებებს.

 

არ არის ამ საქმეზე განაჩენი დამდგარი, საერთოდ ახლა დაიწყო გამოძიება. ფაქტობრივად, თამაშგარე მდგომარეობაშია მოქცეული დაცვის მხარე და ასეთ შემთხვევაში მსაგსი განცხადებები ვერავითარ შემთვევაში ვერ იქნება განხილული, როგორც ნეიტრალური განცხადებები,”– განაცხადა ადვოკატმა იოსებ ბარათაშვილმა.

ადვოკატები საუბრობენ იმაზეც, რომ ამ დრომდე ვერ მოახერხეს საქმის მასალების მიღება. მათი თქმით, თავდაცვის სამინისტრო მზად არის, რომ საქმეს გრიფი მოეხსნას და ამისთვის შსს–საც მიმართა. შსს–მ კი ამისთვის მოითხოვა ყველა ის დოკუმენტი, რომლიდანაც საიდუმლო გრიფი უნდა მოეხსნას. ადვოკატები ამბობენ, რომ ეს მასალები ახლა პროკურატურას აქვს გათხოვილი.

“საიდუმლო გრიფის დამდები ორგანო თვითონ ითხოვს საიდუმლო გრიფის მოხსნას, მეორე ორგანო ეუბნება, რომ წინააღმდეგი არ არის, მაგრამ მასალები უნდა, მაგრამ მესამე ორგანო აყოვნებს მასალების მიწოდებას,”– ამბობს იოსებ ბარათაშვილი.

ბარათაშვილი ასევე ამბობს, რომ პროკურატურა არღვევს თანასწორობისა და შეჯიბრობითობის პრინციპს, რადგანაც დაცვის მხარეს არ მიუწვდება ხელი მტკიცებულებებზე, ბრალდების მხარე კი უარს ამბობს მის გადმოცემაზე:

“პროკურატურას სურს, რომ ადვოკატი მივიდეს, დაახლოებით ისე, როგორც ადამიანი დადის გამოფენაზე ან თეატრში და გადაავლოს თვალი ამ საქმის მასალებს ისე, რომ არც ჩანაწერი გააკეთოს, არც ასლი გადაიღოს, შემდეგ მოვიდეს, დაიმახსოვროს ყველაფერი ზეპირად და ასე განახორციელოს დაცვა,“– განაცხადა ადვოკატმა.

 

ადვოკატების თქმით, წინასასამართლო სხდომამდე ბევრი დრო არ არის დრჩენილი და დაცვის მხარე მოკლებულია შესაძლებლობას,  რომ სრულფასოვნად მოემზადოს პროცესისათვის, დაკითხოს მოწმეები, გაეცნოს საქმეში არსებულ მტკიცებულებას და წარადგინოს საჭირო მტკიცებულებები, საჭიროების შემთხვევაში ჩაატაროს ექსპერტიზა.

 

ე.წ. კაბელების საქმეზე წინასასამართლო სხდომა 11 დეკემბერს არის დანიშნული. თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანი  სახალმწიფოს კუთვნილი 4 მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვის ბრალდებით 28 ნოემბერს დააკავეს. 30 დეკემბერს მათ სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმე სასამართლოში საიდუმლო სამართალწარმოების წესით განიხილება.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *