“საზოგადოების ყველა წევრისთვის დამაკმაყოფილებელი ვერ იქნება, რასაც ვიტყვი”, – ასე დაიწყო თეა წულუკიანმა თავისი გამოსვლა და იმას, რაც მოხდა სახელისუფლებო გუნდში, “უკიდურესად სამწუხარო” უწოდა.
“ივანიშვილის და შემდეგ ღარიბაშვილის ყველა მთავრობების თითოეულმა წევრმა ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა იმაში, რომ საქართველოს თავისი ევროპული არჩევანი გაემყარებინა”, – განაცხადა წულუკიანმა.
“2010 წელს მე გადავდე ევროპული კარიერა, კომფორტული კარიერა სიბერემდე, რათა მებრძოლა საქართველოს ევროპამდე მიყვანის საქმეში წვლილის შეტანისთვის”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. მისივე თქმით, ის ამ დროს დაუკავშირდა პოლიტიკურ გუნდს, კერძოდ, “თავისუფალ დემოკრატებს”, რომლებთანაც ჰქონდა ერთიანი ღირებულებები, დასავლური ღირებულებები.
“2012 წლიდან სათავეში ვუდგავარ იმ სამინისტროს, რომლის თითოეული თანამშრომელი პროგრესისთვის მუშაობს… მე და ჩემს სამინისტროს არასდროს არ გვქონია ხელშეშლა არც ერთი პრემიერ-მინისტრის მხრიდან. 2012 წელს ხელისუფლებაში მოსული ძალა იყო და არის ევროპული კურსის ერთგული. ეს კურსი არის მთავრობის განუხრელი კურსი, ეს ასეა დღეს და მანამ ეს ასეა, მანამ მე და ჩემს გუნდს გვაქვს თავისუფლება ვიმუშაოთ რეფორმებზე, მე ვრჩები იუსტიციის მინისტრის პოსტზე”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ კოალიცია “ქართული ოცნება” 2012 წლის 21 თებერვალს, მას შემდეგ, რაც პოლიტიკურ ასპარეზზე ღიად გამოვიდა ბიძინა ივანიშვილი, დააფუძნა ოთხმა პოლიტიკურმა პარტიამ, ესენია: “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”, “რესპუბლიკური პარტია”, “თავისუფალი დემოკრატები” და “ეროვნული ფორუმი”.
2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში მოვიდა კოალიცია “ქართული ოცნება”. მას შემდეგ პარტია “თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენლებმა სამი სამინისტრო ჩაიბარეს. კერძოდ, იუსტიციის მინისტრად დაინიშნა თეა წულუკიანი, თავდაცვის მინისტრად – ირაკლი ალასანია, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე – ალექსი პეტრიაშვილი. თუმცა იმავდროულად წულუკიანმა პარტიის წევრობა შეიჩერა, ხოლო ალასანიამ პარტიის თავმჯდომარის პოსტი დატოვა.
გუშინ პრემიერმა ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრის პოსტიდან დაითხოვა ირაკლი ალასანია მას შემდეგ, რაც ალასანიამ პროკურატურის საგამოძიებო მოქმედებები თავდაცვის სამინისტროში შეაფასა, როგორც შეტევა საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანზე. ამის შემდეგ თანამდებობიდან გადადგნენ საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და მისი მოადგილეები, ევროპასთან და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი.
ხოლო დღეს კოალიცია “ქართული ოცნება” დატოვეს “თავისუფალმა დემოკრატებმა”, რომლებსაც პარლამენტში 10-წევრიანი ფრაქცია აქვთ. “თავისუფალი დემოკრატები” ყრილობას 8 ნოემბერს გამართავენ, სადაც პარტიის თავმჯდომარის პოსტს ისევ ირაკლი ალასანია დაიბრუნებს.

