დღეს კოალიცია “ქართული ოცნება” დატოვეს “თავისუფალმა დემოკრტებმა”, მას შემდეგ, რაც ირაკლი ალასანია თავდაცვის მინსიტრის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
შეგახსენებთ, რომ კოალიცია “ქართული ოცნება” 2012 წლის 21 თებერვალს, მას შემდეგ, რაც პოლიტიკურ ასპარეზზე ღიად გამოვიდა ბიძინა ივანიშვილი, დააფუძნა ოთხმა პოლიტიკურმა პარტიამ, ესენია: “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”, “რესპუბლიკური პარტია”, “თავისუფალი დემოკრატები” და “ეროვნული ფორუმი”.
2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში მოვიდა კოალიცია “ქართული ოცნება”. მას შემდეგ პარტია “თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენლებმა სამი სამინისტრო ჩაიბარეს. კერძოდ, იუსტიციის მინისტრად დაინიშნა თეა წულუკიანი, თავდაცვის მინისტრად- ირაკლი ალასანია, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე- ალექსი პეტრიაშვილი. თუმცა იმავდროულად წულუკიანმა პარტიის წევრობა შეიჩერა, ხოლო ალასანიამ პარტიის თავმჯდომარის პოსტი დატოვა.
საქართველოს პარლამენტში “თავისუფალ დემოკრატებს” აქვთ 10-წევრიანი ფრაქცია, რომლის შემადგენლობაში შედიან დეპუტატები: ვიქტორ დოლიძე, დავით ონოფრიშვილი, ზურაბ აბაშიძე, ირაკლი ჩიქოვანი, ნინო გოგუაძე, გედევან ფოფხაძე, თამაზ ჯაფარიძე, გიორგი ცაგარეიშვილი, გელა სამხარაული, თამაზ შიოშვილი. სამი მათგანი არის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, კერძოდ, დოლიძე ხელმძღვანელობს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს, ცაგარეიშვილი – გარემოს დაცვის კომიტეტს, ხოლო ონოფრიშვილი – საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტს.
8 ნოემბერს “თავისუფალი დემოკრატები” მართავენ ყრილობას, სადაც დაგეგმილია ირაკლი ალასანიას დაბრუნება პარტიის თავმჯდომარის პოსტზე.



![უმრავლესობიდან გასულმა ორმა დეპუტატმა გახარიას კაბინეტს მხარი დაუჭირა [სია]](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2019/09/Screen-Shot-2019-09-08-at-18.10.59.png)




