ახალი ამბები

ბახტაძე: ჩვენი წარსული ევროპული იყო, მომავალიც ევროპული იქნება

14 მაისი, 2019 •
ბახტაძე: ჩვენი წარსული ევროპული იყო, მომავალიც ევროპული იქნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წელს აფასებს. პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს 10 წელი საქართველოსთვის იყო დაბრკოლებებით აღსავსე საოცარი „მოგზაურობა“, მაგრამ, ამავდროულად, საქართველო არის ძალიან კარგი მაგალითი, როგორი ტრანსფორმაციული ძალა აქვს ევროკავშირს:

“ჩვენი ქვეყნის წარმატება თქვენი წარმატებაცაა. ეს ერთობლივი მიღწევაა. ჩვენთვის ეს არის ძირითადი მისწრაფება და ყოველთვის ვცდილობ, ხაზი გავუსვა, რომ ჩემი ერისთვის ევროპული მისწრაფება ცივილიზაციური არჩევანია. ეს არის ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანი, რადგან ჩვენი წარსული ევროპულია და ამიტომ, მომავალიც ევროპულია. ეს მისწრაფება ძალიან ძვირი გვიჯდება პოლიტიკურად და ეკონომიკურად.

როგორც მოგეხსენებათ, რუსეთის ფედერაცია აგრძელებს ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციას და ყოველთვის არსებობს ქართველი ხალხის მისწრაფებაზე გავლენის მოხდენის მცდელობა. თუმცა ჩვენი მოსახლეობის 85 პროცენტზე მეტი უჭერს მხარს ამ გადაწყვეტილებას, ამ არჩევანს, რადგან ეს ცივილიზაციური არჩევანია”,- განაცხადა ბახტაძემ დისკუსიაზე, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

ბახტაძის თქმით, საქართველოში მიმდინარე გარდაქმნის პროცესი მარტივი არ ყოფილა:

“ასოცირების შეთანხმება და მასში შემავალი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე, ვიზალიბერალიზაციასთან ერთად, ისტორიული მიღწევებია ჩემი ქვეყნისთვის. თუმცა გვაქვს ამ წარმატებაზე მეტის მიღწევის სურვილი. საქართველო მოწინავე ქვეყნად მიიჩნევა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში და, ვფიქრობთ, მეტს ვიმსახურებთ, მეტი შესაძლებლობა გაგვაჩნია. ამიტომ ევროპელ კოლეგებს ორი თვის წინ წარვუდგინეთ ჩვენი ერთსულოვანი დოკუმენტი, სახელწოდებით – „ საქართველოს საგზაო რუკა ევროკავშირისკენ”, რომლის იდეა იმაში მდგომარეობს, რომ გვქონდეს ევროპულ ინსტიტუტებში მეტი ინტეგრაციის შესაძლებლობა.

ძირითადად აქცენტი კეთდება დარგობრივ ინტეგრაციაზე, იქნება ეს საერთო ციფრული ბაზარი, ეკონომიკა, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, მეტი მობილურობა ჩვენი მოქალაქეებისთვის, მაგალითად, ცირკულარული მიგრაცია თუ ბევრი სხვა. ჩვენ ასევე გვესმის, რომ გამოწვევები არსებობს თავად ევროკავშირში, როდესაც საქმე პოლიტიკურ გადაწყვეტილებამდე მიდის, თუმცა მივიჩნევთ, რომ საქართველო მზადაა, ბევრად მეტი გააკეთოს წინსვლის მხრივ. მიგვაჩნია, რომ ძალიან ხელშესახები წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება დარგობრივი ინტეგრაციის პროცესის დაწყება”,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ბახტაძემ ასევე ისაუბრა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში:

“საქართველოსთან ერთად ევროპაც უფრო ძლიერია. წლებია, ამ გზავნილზე ვსაუბრობთ, რომ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარეშე, ჩვენი რეგიონის უსაფრთხოების გარეშე, შეუძლებელია მდგრადი უსაფრთხოების ინფრასტრუქტურისა და სისტემის შექმნა ევროკავშირში. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოსთან ერთად ევროკავშირიც უფრო ძლიერი იქნება, ევროპული საწარმოები თავისუფლად შეძლებენ ჩვენს რეგიონში საქმიანობის წარმოებას.

ეს მასშტაბი სცილდება ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს და ამიტომ დღევანდელ დღეს ჩემი გზავნილი ასეთია – ჩვენი წარსული ევროპული იყო, მომავალიც ევროპული იქნება და ახლა უნიკალური შესაძლებლობა გვაქვს, სხვა დიად იდეას მივცეთ დასაბამი – ისეთივეს, როგორიც აღმოსავლეთ პარტნიორობის შექმნა იყო 10 წლის წინ. ახლა უფრო ამბიციური გეგმები გვჭირდება, რადგან აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები და განსაკუთრებით ჩემი ერი მზადაა, წინ დიდი ნაბიჯებით იაროს”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი