კომენტარი

უკრაინა, საქართველო და მოლდოვა, ალბათ, რამდენიმე წელში EU-ში იქნებიან – ფრანგი მინისტრი

10 მარტი, 2022 • 3106
უკრაინა, საქართველო და მოლდოვა, ალბათ, რამდენიმე წელში EU-ში იქნებიან – ფრანგი მინისტრი

საფრანგეთის ევროპულ საქმეთა მინისტრი კლემან ბონი აცხადებს, რომ უკრაინა, საქართველო და მოლდოვა რამდენიმე წელიწადში, ალბათ, ევროკავშირის წევრი ქვეყნები იქნებიან.

თუმცა, მისი თქმით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი ხვალვე არ გადაწყდება.

„ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ იქნება ევროკავშირი, რომელიც რამდენიმე წელიწადში, არ ვიცი რამდენში, ალბათ მოიცავს უკრაინას, მოლდოვას, საქართველოს, შესაძლოა სხვა ქვეყნებსაც“, – განაცხადა კლემან ბონმა.

აღნიშნული განცხადება კლემან ბონმა ევროკავშირის ლიდერების შეხვედრამდე გააკეთა, რომელიც საფრანგეთში, ვერსალის სასახლეში დღეს, 10 მარტს, უნდა გაიმართოს.


რუსეთთან სრულმასშტაბიან ომში მყოფმა უკრაინამ 28 თებერვალს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი შეიტანა და განაცხადის დაჩქარებული წესით განხილვა მოითხოვა.

3 მარტს ევროკავშირში გასაგზავნ განაცხადს ხელი  მოაწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც. იმავე დღეს მსგავს განაცხადს ხელი მოაწერა მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ.

7 მარტს ევროკავშირში შემავალმა 27-მა ქვეყანამ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის წევრობის განაცხადთან დაკავშირებით ევროკომისიას, ბლოკის აღმასრულებელ ხელისუფლებასა და კანდიდატ ქვეყნებთან მოლაპარაკებებზე პასუხისმგებელ ორგანოებს დაავალა სამივე ქვეყნის აპლიკაციებთან დაკავშირებით პირველადი მოსაზრების შემუშავება.

მასალების გადაბეჭდვის წესი