ახალი ამბები

დაანონსებული ხელფასების ზრდა მასწავლებლების დაახლოებით 10%-ს შეეხება” – რატიანი

14 მაისი, 2019 •
დაანონსებული ხელფასების ზრდა მასწავლებლების დაახლოებით 10%-ს შეეხება” – რატიანი

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი სერგო რატიანი აცხადებს, რომ განათლების მინისტრის მიერ დაანონსებული ხელფასის ზრდა მხოლოდ 5 869 მასწავლებელს შეეხება, რაც მასწავლებელთა მთლიანი ოდენობის 10%-ია.

“ინიციატივის განხორციელების შემთხვევაშიც კი, 57 527 პედაგოგიდან დაანონსებული ხელფასების ზრდა 5869 მასწავლებელს შეეხება, საერთო რაოდენობის დაახლოებით 10%-ს. რამდენიმე წელია ყველა შეხვედრაზე, მათ შორის, ახალი მთავრობის ყველა წარდგენის დროს, მოვუწოდებ მთავრობის შემადგენლობას, დაინტერესდნენ განათლების სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემით. სტატუსის მქონე პედაგოგების ანაზღაურების მოქმედი წესი წარმოადგენს ხელისუფლების მხრიდან უსამართლო ქმედებას, რითაც, ფაქტობრივად, სტატუსიან პედაგოგებს სახელმწიფო ართმევს კუთვნილი ხელფასის დანამატს,”-აცხადებს სერგო რატიანი.

13 მაისს განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა „განათლების კომპლექსური რეფორმის“ ეტაპებზე ისაუბრა.   მან ამ საკითხზე საგანგებო ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ სკოლებში სწავლების ხარისხის გაზრდის მიზნით, განათლების სამინისტრო ზოგადი განათლების მიმართულებით ცვლილებების შემდეგ ეტაპს იწყებს.

„რეფორმის ფარგლებში, 2019 წლის სექტემბრიდან, უფროსის, წამყვანის ან მენტორის სტატუსის მქონე ყველა მასწავლებელს ანაზღაურება 150 ლარით და მეტით გაეზრდება. ხელფასის ზრდა ყოველწლიურად გაგრძელდება და 2022 წლისთვის პედაგოგის საშუალო ანაზღაურება 1500 ლარს და მეტს გაუტოლდება.

სახელფასო ზრდა ასევე შეეხებათ რესურსცენტრების, სკოლების დირექტორებს და ადმინისტრაციის თანამშრომლებს“,-განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, პრაქტიკოსი მასწავლებლები, რომლებიც 2019 წლის ზაფხულში  დაადასტურებენ მინიმალურ კომპეტენციას და აიმაღლებენ სტატუსს, ასევე მიიღებენ გაზრდილ ანაზღაურებას ახალი სასწავლო წლის დადგომისას, 2019 წლის სექტემბრიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი