ახალი ამბები

საგანგებოს შენარჩუნება ხომ არ უნდა ოპოზიციას, არჩევნები რომ არ ჩატარდეს? — ვოსლკი

21 მაისი, 2020 • 1041
საგანგებოს შენარჩუნება ხომ არ უნდა ოპოზიციას, არჩევნები რომ არ ჩატარდეს? — ვოსლკი

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერისა და პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის მოსაზრებით, არსებობს ისეთი ეჭვის საფუძველი, რომ ოპოზიციას საგანგებო მდგომარეობის შენარჩუნება და ამ გზით არჩევნების არჩატარება სურს.

„საგანგებო მდგომარეობის შენარჩუნება ხომ არ უნდათ ჩვენს ოპონენტებს, საერთოდ რომ არჩევნები არ ჩატარდეს, ან არჩევნების წინა პერიოდში შეიქმნას ისეთი ვითარება, როდესაც უმართავი გახდება სიტუაცია. ასეთი ეჭვების გამოთქმნის საფუძველიც არსებობს“, — განაცხადა ვოლსკიმ.

ვოსლკის გამოსვლის შემდეგ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა თავის გამოსვლაში განაცხადა:

„საოცარი ლოგიკა ჩამოაყალიბა ბატონმა გიამ. თურმე, ოპოზიციას უნდა არჩევნები არჩატარდეს და თქვენ შეგინარჩუნდეთ ხელისუფლება, ეს მართლაც პარადოქსულია“, — დასძინა რატიანმა.


ვოსლკიმ და რატიანმა თავიანთი განცხადებები პარლამენტის სხდომაზე გააკეთეს, სადაც დიმიტრი ხუნდაძისა და სხვა დეპუტატების მიერ ინიციირებულ ცვლილებებს განიხილავდნენ კანონში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“.

დიმიტრი ხუნდაძისა და პარლამენტის სხვა წევრების მიერ ინიცირებული ცვლილებების თანახმად, მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშეც შეეძლება შემზღუდავი საკარანტინო ღონისძიებების გატარება, რომლებიც გულისხმობს გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომისა და სხვა უფლებების შეზღუდვას. კანონპროექტის ინიციატორები არიან დიმიტრი ხუნდაძე, ილია ნაკაშიძე, ვლადიმერ კახაძე, ზურაბ ხაჩიძე, კობა ნაკაიძე და დიმიტრი მხეიძე. დეპუტატების მიერ კანონპროექტის ინიცირებამდე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მთავრობა მიმართავს პარლამენტს, მიიღოს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც შეზღუდვების აღსრულება საგანგებო მდგომარეობის გარეშეც შესაძლებელი იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი