ახალი ამბები

ჯაში: არ გამოვრიცხავ, გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას განმეორებით კენჭი დღეს ვუყაროთ

5 აპრილი, 2019 • 1657
ჯაში: არ გამოვრიცხავ, გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას განმეორებით კენჭი დღეს ვუყაროთ

საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში არ გამორიცხავს, რომ ზოგადი განათლების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც პარლამენტმა დღეს მესამე მოსმენაზე ჩააგდო, კენჭი განმეორებით დღესვე უყარონ.

დეპუტატის თქმით, კანონპროექტს, რომელიც სკოლის გმაოსაშვები გამოცდების გაუქმებას ეხებოდა და მთავრობამ პარლამენტს დაჩქარებული წესით განსახილველად წარუდგინა, დღეს თუ არა, არაუგვიანეს 16 აპრილისა უყრიან კენჭს:

“აღნიშნულ კანონს ორი მოსმენით ძალიან მაღალი ლეგიტიმაციით ჰქონდა მხარდაჭერა. ამდენად, აღნიშნული კანონის პრობლემა არ გახლდათ, გახლდათ ტექნიკური პრობლემა. რამდენიმე კოლეგამ აღნიშნა კიდეც, რომ არსებობს დარბაზში გარკვეული ტექნიკური ხარვეზები აკუსტიკასთან მიმართებით. არაუგვიანეს 16 აპრილისა ჩვენ დავაყენებთ განმეორებით კენჭისყრაზე აღნიშნულ კანონპროექტს. ასევე არ გამოვრიცხავ, რომ დღესვე მოგვეცეს კენჭისყრის შესაძლებლობა რეგლამენტიდან გამომდინარე”, – ამბობს მარიამ ჯაში.

მომხდარის გამო კოლეგებს აკრიტიკებს ოპოზიცია. “ევროპული საქართველოს” დეპუტატი სერგო რატიანი აცხადებს, რომ აღნიშნული ადასტურებს საპარლამენტო უმრავლესობის უპასუხისმგებლობას:

“მთავრიბამ დააანონსა და უთხრა საზოგადოებას, რომ სკოლის დამამთავრებელი გამოცდები არ იქნებოდა, მაგრამ კანონი არ მიუღიათ. გაწელეს ეს პროცედურა და შემდეგ დაჩქარებული წესით შემოიტანეს პარლამენტში, რაც ნიშნავს იმას, რომ ვადებში ვერ ეტევიან. დღეს კი ჩავარდა კანონპორექტი. ეს ნიშნავს გაუაზრებლობას, უპასუხისმგებლობას და ეს ნიშნავს უუნარობას,” – ამბობს რატიანი.

პარლამენტმა კანონპროექტი, რომლითაც სკოლის გამოსაშვები გამოცდები უქმდებოდა, ჩააგდო

მასალების გადაბეჭდვის წესი