ახალი ამბები

ზალკალიანი: ამაყი ვარ, რომ ასოცირების ხელშეკრულების დოკუმენტს ჩემი ხელმოწერა აქვს

5 ნოემბერი, 2014 •
ზალკალიანი: ამაყი ვარ, რომ ასოცირების ხელშეკრულების დოკუმენტს ჩემი ხელმოწერა აქვს

დავით ზალკალიანის თქმით, მას კითხვები აქვს ქვეყნის ევროპულ კურსთან დაკავშირებით:

 

“სამწუხაროდ, დღეს სხვა რეალობის წინაშე დავდექით. გაჩნდა კითხვები ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით, მე არ მაქვს მორალური უფლება, დღეს სხვაგვარად მოვიქცე. არასდროს ჩემი ქვეყნის პრინციპებისთვის არ მიღალატია. მე ვარ კარიერული დიპლომატი. ჩემი ცხოვრების თითქმის ნახევარი, 22 წელი ვემსახურე ამ სამსახურს და ამ საქმეს მივუძღვენი ყველაფერი”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

ზალკალიანმა საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ იგი საგარეო საქმეთა მინისტრთან და მის სამ მოადგილესთან ერთად დატოვებს თანამდებობას, თუმცა რჩება იმ გუნდში, რომლისთვისაც ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანება მნიშვნელოვანია.

 

დავით ზალკალიანის თქმით, მისი დღეავნდელი არჩევანი შესაბამისობაშია თავის ღირებულებებთან. ის ამაყობს, რომ ევროკავშირსა და საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებულ დოკუმენტს აქვს მისი ხელმოწერა.

 

“თავისუფალი დემოკრატები მინდა მოვიხსენიო, რომლებიც ასევე ერთგულად ემსახურებოდნენ 2 წელი ჩვენი ქვეყნის ევროპულ არჩევანს. ამაყი ვარ, რომ ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებულ 1000 გვერდზე ჩემი ხელმოწერა დავტოვე. ეს უბრალო ხელმოწერა არ არის, ის არის ჩემი გული, იქ არის ჩემი რწმენა, რომ საქართველოს ევროატლანტიკური კურსი არის უცვლელი”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 4 ნოემბერს, თავდაცვის მინისტრის პოსტიდან ირაკლი ალასანია გადააყენა. პოსტი საკუთარი სურვილით დატოვა ევროინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა. დღეს კი მოადგილეებთან ერთად გადადგომის შესახებ განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ გააკეთა.

დავით ზალკალიანი
დავით ზალკალიანი

მასალების გადაბეჭდვის წესი