საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ მაია მიმინოშვილი მაღალი დონის პროფესიონალია და სხვა ექსპერტებთან ერთად პარტიას კადრების ტრენინგსა და გადამზადებაში ეხმარება:
“ეს არის პარტიაში განახლების ძალიან ბუნებრივი პროცესი და მე ამას მხოლოდ მივესალმები. იცით, რომ ბოლო პერიოდში ეს საკითხი კიდევ მეტად აქტუალური გახდა ჩვენს პარტიაში. რაც შეეხება ქალბატონ მაიას, ის არის ძალიან მაღალი დონის პროფესიონალი და ის ისევე, როგორც რამდენიმე სხვა ექსპერტი, პარტიას ეხმარება კადრების ტრენინგებში, გადამზადებაში და იმ გამოცდილებას გვიზიარებს, რაც მას ობიექტურად აქვს”, – ამბობს პრემიერ-მინისტრი.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი მაია მიმინოშვილი პოლიტიკურ პარტია “ქართულ ოცნებაში” პარტიის წევრებს გადაამზადებს.
“ნეტგაზეთს” პარტიაში განუცხადეს, რომ მიმინოშვილი პარტიის წევრების გადამზადების მიმართულებით იმუშავებს, თუმცა ამ დროისთვის “ქართულ ოცნებაში” მეტ დეტალზე არ საუბრობენ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გასული წლის სექტემბერში თანამდებობიდან გაათავისუფლა.