ახალი ამბები

ალასანია: მომავალ არჩევნებში კოალიცია ამ ფორმით ვეღარ მიიღებს მონაწილეობას

4 ნოემბერი, 2014 • • 1105
ალასანია: მომავალ არჩევნებში კოალიცია ამ ფორმით ვეღარ მიიღებს მონაწილეობას

“მომდევნო არჩევნები იქნება პოლიტიკური ღირებულებების ირგვლივ შეკრული ძალების არჩევნები… ჩვენ გვქონდა სურვილი, ვიდრე ბოლო კატასტროფული ინციდენტები მოხდებოდა, რომ კოალიციას ასეთი ფორმით გაეგრძელებინა არჩევნშებში მონაწილეობა, მაგრამ ამის შანსს აბსოლუტურად ვეღარ ვხედავ აწი”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გადაცემა “არჩევანში”.

 

შეკითხვაზე, არიან თუ არა დღეს კოალიციაში პრორუსული ძალები, ირაკლი ალასანიამ პირდაპირი პასუხი არ გასცა და აღნიშნა, რომ მას სრული ნდობა მაქვს მინისტრთა კაბინეტისა და მინისტრებისადმი, ხოლო რაც შეეხება უშუალოდ პრემიერ ირაკლი ღარიბაშილს, ის ამბობს, რომ მასთან დაკავშირებით შეფასებებს მას შემდეგ გააკეთებს, რაც ხვალ მასთან შეხვედრის შესაძლებლობა მიეცემა პოლიტსაბჭოს სხდომის ფარგლებში.

 

შეგახსენებთ, რომ კოალიცია “ქართული ოცნება” 2012 წლის 21 თებერვალს, მას შემდეგ, რაც პოლიტიკურ ასპარეზზე ღიად გამოვიდა ბიძინა ივანიშვილი, დააფუძნა ოთხმა პოლიტიკურმა პარტიამ, ესენია: “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”, “რესპუბლიკური პარტია”, “თავისუფალი დემოკრატები” და “ეროვნული ფორუმი”.

 

2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში მოვიდა კოალიცია “ქართული ოცნება”. მას შემდეგ პარტია “თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენლებმა სამი სამინისტრო ჩაიბარეს. კერძოდ, იუსტიციის მინისტრად დაინიშნა თეა წულუკიანი, თავდაცვის მინისტრად- ირაკლი ალასანია, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე- ალექსი პეტრიაშვილი. თუმცა იმავდროულად წულუკიანმა პარტიის წევრობა შეიჩერა, ხოლო ალასანიამ პარტიის თავმჯდომარის პოსტი დატოვა.

 

საქართველოს პარლამენტში “თავისუფალ დემოკრატებს” აქვთ 10-წევრიანი ფრაქცია, რომლის შემადგენლობაში შედიან დეპუტატები: ვიქტორ დოლიძე, დავით ონოფრიშვილი, ზურაბ აბაშიძე, ირაკლი ჩიქოვანი, ნინო გოგუაძე, გედევან ფოფხაძე, თამაზ ჯაფარიძე, გიორგი ცაგარეიშვილი, გელა სამხარაული, თამაზ შიოშვილი. სამი მათგანი არის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, კერძოდ, დოლიძე ხელმძღვანელობს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს, ცაგარეიშვილი – გარემოს დაცვის კომიტეტს, ხოლო ონოფრიშვილი – საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტს. 

 

8 ნოემბერს “თავისუფალი დემოკრატები” მართავენ ყრილობას, სადაც დაგეგმილია ირაკლი ალასანიას დაბრუნება პარტიის თავმჯდომარის პოსტზე. 


მასალების გადაბეჭდვის წესი