ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას თეა წულუკიანი ესწრება

4 ნოემბერი, 2014 • • 994
პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას თეა წულუკიანი ესწრება

ღარიბაშვილთან შეხვედრა დღეს, 18:00 საათზე დაიწყო, ამავე დროს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ პარტია “თავისუფალი დემოკრატების” წევრებთან ერთად ბრიფინგი გამართა, რომელსაც  მისი თანაგუნდელებიდან არ ესწრებოდნენ დეპუტატი გედევან ფოფხაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.

 

შეკითხვას, თუ რატომ არ იყოს დღევანდელ პრესკონფერენციაზე თეა წულუკიანი, დეპუტატი ზურაბ აბაშიძე პასუხობს, რომ ეს კითხვა თავად წულუკიანს უნდა დავუსვათ.

 

2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში მოვიდა კოალიცია “ქართული ოცნება”. მას შემდეგ პარტია “თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენლებმა სამი სამინისტრო ჩაიბარეს. კერძოდ, იუსტიციის მინისტრად დაინიშნა თეა წულუკიანი, თავდაცვის მინისტრად- ირაკლი ალასანია, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე- ალექსი პეტრიაშვილი. თუმცა, იმავდროულად, წულუკიანმა პარტიის წევრობა შეიჩერა, ხოლო ალასანიამ პარტიის თავმჯდომარის პოსტი დატოვა.

 

საქართველოს პარლამენტში “თავისუფალ დემოკრატებს” აქვთ 10-წევრიანი ფრაქცია, რომლის შემადგენლობაში შედიან დეპუტატები: ვიქტორ დოლიძე, დავით ონოფრიშვილი, ზურაბ აბაშიძე, ირაკლი ჩიქოვანი, ნინო გოგუაძე, გედევან ფოფხაძე, თამაზ ჯაფარიძე, გიორგი ცაგარეიშვილი, გელა სამხარაული, თამაზ შიოშვილი. სამი მათგანი არის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, კერძოდ, დოლიძე ხელმძღვანელობს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს, ცაგარეიშვილი – გარემოს დაცვის კომიტეტს, ხოლო ონოფრიშვილი – საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტს.

 

დღეს პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს 6 მოქმედ მაღალჩინოსანს ბრალი ჯარისკაცების კვებასთან დაკავშირებით წაუყენა, ხოლო სამინისტროს 5 მაღალჩინოსნის “სილქნეტის” სასარგებლოდ თანხის გაფლანგვის ბრალდებით დაკავებიდან ზუსტად ერთი კვირა გავიდა.

 

დღეს, 18 საათზე თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ “თავისუფალი დემოკრატების” ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პროკურატურის ქმედებები არის მიზანმიმართული შეტევა საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანზე. ალასანიამ მიმართა კოალიცია “ქართული ოცნების” პოლიტიკურ საბჭოს, რომ შეიკრიბონ ხვალ და იმსჯელონ, თუ საით მიჰყავს პროკურატურას ასეთი ქმედებებით ქვეყანა.

მასალების გადაბეჭდვის წესი