ახალი ამბები

ბოკერია წილხვდომილობისთვის 900 000-ის გამოყოფას აღვირახსნილ ფარისევლობად აფასებს

10 მაისი, 2019 •
ბოკერია წილხვდომილობისთვის 900 000-ის გამოყოფას აღვირახსნილ ფარისევლობად აფასებს

“ევროპული საქართველოს” წევრი გიგა ბოკერია ეხმაურება წილხვდომილობის დღის აღსანიშნავად მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფას. დეპუტატი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება მორწმუნეთა ნაწილის გულების მოგებას ცდილობს.

“მთლიანად ეს ოპერაცია არის საუკეთესო მაგალითი ზნეობრივად (პოლიტიკურ ზნეობას ვგულისხმობ) გაკოტრებული ხელისუფლების მცდელობისა, რომ ასეთი აღვირახსნილი ფარისევლობით და პოპულიზმით მოიგოს საზოგადოებასის ნაწილის ან მორწმუნეთა ნაწილის გული. ეს უბრალოდ სამარცხვინოა”, – განაცხადა ბოკერიამ.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, წილხვდომილობის დღესასწაულის აღსანიშნავად დაგეგმილ ღონისძიებებზე 893 340 ლარი დაიხარჯება.

ღონისძიებების ნაწილს მთავრობის სარეზერვო ფონდი პირველ ეტაპზე 694 600 ლარით დააფინანსებს, ამასთან, მეორე ეტაპზე კიდევ 199 340 ლარის დახარჯვა იგეგმება, რომლის წყაროც, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მოგვიანებით დაზუსტდება.

საქართველოს პარლამენტმა 12 მაისის უქმე დღედ გამოცხადების საფუძვლად, ანდრია მოციქულის ხსენების დღესთან ერთად, ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღეც განისაზღვრა. ღვთისმშობლის წილხვედრობის აღნიშვნის ინიციატივა ილია მეორეს ეკუთვნის, ხოლო საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი პარლამენტს მთავრობამ წარუდგინა.  ცვლილებები პარლამენტმა 96 ხმით, არცერთის წინააღმდეგ მიიღო. წილხვდომილობის დღის დაწესებას “ევროპული საქართველოდან” გიგი წერეთელმა დაუჭირა მხარი, ხოლო პარტიის სხვა წევრებმა, რომლებიც სხდომას ესწრებდნენ, კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი