ახალი ამბები

ადიქტოლოგიის სამაგისტრო პროგრამა საქართველოს ევროკავშირისგან

10 მაისი, 2019 •
ადიქტოლოგიის სამაგისტრო პროგრამა საქართველოს ევროკავშირისგან

ადიქტოლოგის, იგივე დამოკიდებულების კვლევების სპეციალისტის პროფესიის გაჩენა საქართველოში ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ საგანმანათლებლო პროექტს უკავშირდება.

პროექტი, სახელწოდებით “საქართველოში ადიქტოლოგიის ადამიანური რესურსების, მტკიცებულებათა ბაზისა და ხარისხის სტანდარტების განვითარება”, 2014-2016 წლებში განხორციელდა, თუმცა შესაბამისი სამაგისტრო პროგრამა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის დასრულების შემდეგაც შენარჩუნდა და მას ყოველწლიურად 10 სტუდენტი გადის. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი პროგრამა შემუშავდა და განხორციელდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, გარკვეული კურსები და მოდულები ადიქტოლოგიის შესახებ სხვა პარტნიორი უმაღლეს სასწავლებლებშიც დაინერგა.

პროექტი, რომლის ბიუჯეტი თითქმის მილიონი ევრო იყო, სხვადასხვა უნივერსიტეტებისა (პრაღის ჩარლზის უნივერსიტეტი, ჰამბურგის უნივერსიტეტი, იაგელონის უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, GIPA, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თსუ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი) და არასამთავრობო ორგანიზაციებისაგან (დამოკიდებულებების კვლევითი ცენტრი “ალტერნატივა ჯორჯია” და ფონდი “გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი”) შემდგარმა კონსორციუმმა განახორციელა.

“ეს არის განათლების ხელშეწყობის პროექტი. ზოგადად ამ ტიპის პროექტების იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ევროკავშირის უნივერსიტეტების გამოცდილების გაზიარება მოხდეს. ჩვენს შემთხვევაში, პროექტი საქართველოში ადიქციის კვლევების განვითარებას ეხებოდა. ამ მიზნით შეიქმნა სამაგისტრო პროგრამა და ახლა უკვე სტუდენტების მეოთხე ნაკადი გვყავს. ისინი იქნებიან ახალი ტიპის სპეციალისტები, რომლებიც შეძლებენ მულტიდისციპლინურ გუნდებში მუშაობას, ვინაიდან ადიქციის პრობლემა ძალიან სერიოზულია და მის გადაჭრას სწორედ მულტიდისციპლინური გუნდი ესაჭიროება”, – გვიყვება პროექტის ბენეფიციარი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ნინო ჯავახიშვილი.

ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015 წლიდან ამოქმედდა. მომზადდა შესაბამისი კურსები, სასწავლო მასალები, ითარგმნა და გამოიცა 8 თანამედროვე სამეცნიერო წიგნი ადიქციის კვლევებში. შემუშავდა განათლების 6 პროგრამა: ექიმი-ნარკოლოგებისთვის, ექთნებისთვის, ფსიქოლოგებისთვის, პედაგოგებისთვის, ჟურნალისტებისთვის და ადიქტოლოგებისთვის. პროგრამებმა აკრედიტაცია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისგან მიიღო, პროფესიული გადამზადება კი 72-მა ადამიანმა გაიარა.

პროექტის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე შეიქმნა ადიქციის კვლევების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და ადიქტოლოგთა პროფესიული საზოგადოებაც.

ნინო ჯავახიშვილის თქმით, უნივერსიტეტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, პროფესიული საზოგადოება ერთობლივად მუშაობენ, რათა დამოკიდებულების მქონე ადამიანების მიმართ სათანადო სტანდარტები და ნორმები შეიმუშაონ.

“მავნე ჩვევებზე დამოკიდებულების მხრივ საქართველოში დიდი პრობლემაა ნარკომანია. ასევე, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ე.წ. გემბლინგი, რაც მე ძალიან მაწუხებს და, ვფიქრობ, საჭიროა ამ მიმართულებით სერიოზული მუშაობა. სტუდენტები, რომლებიც ჩვენთან მოდიან და მანამდე მიღებული აქვთ ბაკალავრის ხარისხი სხვადასხვა სფეროში, სწავლობენ, თავისი კოლეგის პოზიციიდან შეხედონ ამ პრობლემას და ერთმანეთის მიდგომები გაითვალისწინონ”, – ამბობს ჯავახიშვილი.

ადიქტოლოგიის პროექტი ერთ-ერთია ევროკავშირის ტემპუსის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული 77 პროექტიდან. ქართული უნივერსიტეტები ტემპუსის პროგრამაში, რომლის მიზანიც უმაღლესი საგანმანთლებლო დაწესებულებების ინსტიტუციური განვითარება იყო, 2014 წლამდე აქტიურად იყვნენ ჩართული. 2014 წლიდან კი, ტემპუსის პროგრამა Erasmus+-ის ინსტიტუციური განვითარების პროგრამით ჩანაცვლდა.

Erasmus+ არის ევროკავშირის საგრანტო პროგრამა, რომელიც ახორციელებს პროექტებს განათლების, ტრენინგის, ახალგაზრდობისა და სპორტის მიმართულებით 2014-2020 წლებში. პროგრამის მიზნებს შორისაა: განათლების მოდერნიზება, ცოდნის და დასაქმების დონის ამაღლება, ასევე, ტრეინინგები და ახალგაზრდებთან მუშაობა. 7-წლიანი პროგრამის ბიუჯეტი 14.7 მილიარდი ევროა.

Erasmus+ -ის პროგრამის მენეჯერი საქართველოში თათა ლორთქიფანიძე ამბობს, რომ პროგრამაში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ ავტორიზებულ უმაღლეს საგანამანთლებლო დაწესებულებას, რომელსაც აქვს სურვილი და შესაბამისი რესურსი ითანამშრომლოს ევროპის უნივერსიტეტებთან.

“ჩვენი ოფისი მაქსიმალურად ეხმარება ქართულ უნივერსიტეტებს, დაამყარონ კავშირი ევროპელ პარტნიორებთან. შესაძლებელია ორი ტიპის პარტნიორობის დამყარება: 1. ინსტიტუციური განვითარების პროექტების შემუშავება და განხორციელება და 2. მოკლევადიანი გაცვლების უზრუნველყოფა (International Credit Mobility – ICM) როგორც სტუდენტებისათვის, ასევე, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონლისათვის. ეს მიმართულება განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საქართველოში, საქართველოში არსებული 54 ავტორიზებული უმაღლესი საგანმანთლებლო დაწესებულებიდან 33-ში ხორციელდება და სრულად ფარავს ქვეყნის ყველა საუნივერსიტეტი რეგიონს”, – აცხადებს ლორთქიფანიძე.

რაც შეეხება სტუდენტებისა და ახალგაზრდების ჩართულობას, პროექტის მენეჯერი აქაც ორ მიმართულებას გამოყოფს: მოკლევადიან გაცვლით პროგრამებს (ICM) უმაღლესი განათლების ნებიმიერ საფეხურზე და ნებისმიერ აკადემიურ სფეროში, აქტიური სტუდენტებისათვის და ერთობლივ სამაგისტრო პროგრამებს (Joint Master Degree – JMD) ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთათვის, სადაც განაცხადი ინდივიდუალურად წელიწადში ერთხელ კონკურსის საფუძველზე ხდება.

პროგრამაში ჩართულ მსოფლიოს 141 ქვეყანას შორის საქართველო ბოლო წლების განმავლობაში ინარჩუნებს სტაბილურ პოზიციას პირველ ათეულში სტიპენდიების რაოდენობის მიხედვით, 2018 წელს კი მე-6 ადგილი მოიპოვა.


სტატია გამოქვეყნდა პროექტის “ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო” ფარგლებში. სტატიაში გამოხატული მოსაზრებები შეიძლება არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის პოზიციას

მასალების გადაბეჭდვის წესი