მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე მივიდა. როგორც მაჩალიკაშვილმა გამოკითხვის დაწყებამდე აღნიშნა, მას არავითარი დანაშაული არ ჩაუდენია და, შესაბამისად, არც იმის მოლოდინი აქვს, რომ დააკავებენ.
“დაკავებას არ ველოდები იმიტომ, რომ მე არაფერი ჩამიდენია, რომ დამაკავონ. ამის მიზანი ჩემი და თემირლანის სამართლის განადგურებაა, სხვა არაფერი – ანგარიშსწორებაა” ,- ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი.
მაჩალიკაშვილის ადვოკატ მარიამ კუბლაშვილის თქმით, საქმის მასალებში არ არის მტკიცებულებები, რომლებიც მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკავების საფუძველი შეიძლება გახდეს და ის მოწმის სტატუსით არის გამოკითხვაზე დაბარებული.
7 მაისს სუს-მა ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ მოსახლეობისთვის ტერორისტული საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით წარმოებული ღონისძიებების ფარგლებში გამოავლინა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობის თაობაზე.
სუს-ის თქმით, სწორედ პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად, ცნობილი გახდა, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს განზრახული ჰქონდა ტერორისტული აქტის ჩადენა.