ახალი ამბები

მთავრობა ცივ იარაღზე რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს

10 მაისი, 2019 •
მთავრობა ცივ იარაღზე რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს

საქართველოს მთავრობა ცივ იარაღზე რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს. ამ თემაზე დღეს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა.

მამუკა ბახტაძის თქმით, აღნიშნული ინიციატივა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა და მთავრობის სხდომაზე მისი განხილვა დღეს მოხდება:

“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი. აქ საუბარია არა მხოლოდ დანაშაულზე რეაგირების გამკაცრებაზე, არამედ პრევენციაზე, ცივი იარაღის უკანონო ბრუნვის აღკვეთაზე”, – თქვა ბახტაძემ.

პრემიერის განცხადებით, სქრთველოში დღეს არსებული რეგულაციით ცივი იარაღით ვაჭრობა შეუძლია ნებისმიერ პირს, ნებისმიერ ადგილას, მათ შორის, სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე, და ეს პრემიერის თქმით, ყოველგვარი სტანდარტის დაცვის გარეშე ხდება:

“ჩვენი რეგილაცია ითვალისწინებს ახალი პრაქტიკის დანერგვას, ახალი რეგულაციების დანერგვას,  რომელიც საშუალებას მოგვცემს ძალიან ბევრი რისკი დავაზღვიოთ, რომელიც უკავშირდება ცივი იარაღის უკანონო ბრუნვას”, – თქვა მამუკა ბახტაძემ.

მოგვიანებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ კანონპროექტზე განმარტება გააკეთა. ნათია მეზვრიშვილის თქმით, კანონპროექტის მიზანი არასრულწლოვანებისთვის ცივ იარაღზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვაა:

გამოვლენის მხრივ აქტიურობასთან ერთად, გადავწყვიტეთ ის ვაკუუმი შეგვევსო, რაც საკანონმდებლო დონეზე არსებობს, განსაკუთრებით ცივი  იარაღით ვაჭრობის მიმართულებით, გაყიდვის მიმართულებით. დღეს კანონით  ისჯება ტარება, როგორც ადმინისტრაციული წესით, ისე სისხლის სამართლის  წესით, მაგრამ გაყიდვის საკითხები სათანადოდ არ არის დარეგულირებული, რის  გამოც ცივი იარაღი არის ადვილად ხელმისაწვდომი არასრულწლოვნებისთვის.

ამიტომ ამ კანონპროექტის უპირველესი მიზანი გახლავთ ცივ იარაღზე  არასრულწლოვნების ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, იმიტომ, რომ დღეს გაყიდვა  შეუძლია ყველას და ამასთანავე ცივი იარაღი იყიდება ყველგან, მათ შორის  სკოლების ტერიტორიაზე, რაც ბუნებრივია არასრულწლოვნებისთვის მარტივად  ხელმისაწვდომს ხდის მას” – ამბობს შს მინისტრის მოადგილე.

მეზვრიშვილის თქმით,  ახალი კანონი გაყიდვის საკითხებს ა​რეგულირებს,  აკრძალავს ცივი იარაღის გაყიდვას არასრულწლოვანზე, ასევე, გარკვეულ  რისკ-ჯგუფებზე, მათ შორის მაგალითად ნასამართლევ პირებზე:

“მეორე  მნიშვნელოვანი კომპონენტი ამ კანონპროექტის არის ის, რომ ტარებისთვის  მკაცრდება როგორც ადმინისტრაციული, ისე სისხლისსამართლებრივი სანქციები.  ბუნებრივია, საკანონმდებლო ცვლილებები გაყიდვის ნაწილში არ ეხება საოჯახო
და საყოფაცხოვრებო დანიშნულების დანებს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი,  რომელიც ამას უკავშირდება – რა თქმა უნდა ეს საკანონმდებლო ცვლილებები არ
ნიშნავს იმას, რომ დანებით დანაშაულის ჩადენის აბსოლუტური პრევენცია  მოხდება. ეს საკანონმდებლო ცვლილებები უბრალოდ ნიშნავს იმას, რომ  მაქსიმალურად შეიზღუდება წვდომა ცივ იარაღზე,  განსაკუთრებით არასრულწლოვნების ნაწილში“. – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი