სახელმწიფოში არ არის შემუშავებული საავადმყოფოებში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ერთიანი ეროვნული სტრატეგია; ჯანდაცვის სამინისტრო სრულყოფილ ინფორმაციას ვერ ფლობს სტაციონარებში ამ მიმართულებით არსებულ რეალურ მდგომარეობაზე; არ არსებობს დეტალურად გაწერილი მეთოდოლოგია, რომლითაც სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებებს ამ მიმართულებით გააკონტროლებს, — ამბობს აუდიტის სამსახურის ახალი ანგარიში.
ანგარიში, — „ინფექციის პრევენცია და კონტროლი – ეფექტიანობის აუდიტი“, — რომელიც 2019 წლის 28 მარტს გამოქვეყნდა, ეფუძნება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტს ამ სისტემის ეფექტიანობის დასადგენად.
მკვლევრებს აინტერესებდათ, რამდენად საკმარისია ქვეყანაში არსებული რეგულაციები და კონტროლის მექანიზმები სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ეფექტიანი სისტემის უზრუნველსაყოფად. აუდიტმა გამოავლინა, მათი შეფასებით, ნაკლოვანებები, რომლებიც გავლენას ახდენენ სისტემის ეფექტიანად მართვაზე.
რა არის ინფექციის პრევენცია და კონტროლი?
ინფექციის პრევენციისა და კონტროლი (მოკლედ — იპკ) იმისთვისაა აუცილებელი, რომ მაქსიმალურად შემცირდეს პაციენტების დაინფიცირების რისკები მას შემდეგ, რაც ისინი საავადმყოფოში მოხვდებიან.
არის შემთხვევები, როდესაც ადამიანი გარკვეული პრობლემით ჰოსპიტალიზდება, ხვდება სტაციონარში (ანუ 24-საათიან წოლით რეჟიმში), აქ მოხვედრის შემდეგ კი ავადდება ახალი ინფექციით, რომელიც აქამდე არ ჰქონდა. ამას ნოზოკომიური ინფექცია ეწოდება. სწორედ ასეთი შემთხვევების თავიდან ასარიდებლადაა საჭირო იპკ-ის გამართული სისტემა.
გარდა იმისა, რომ ასეთი ინფექციები გავლენას ახდენს პაციენტის ავადობასა და სიკვდილიანობაზე, ის „მნიშვნელოვნად ზრდის სამედიცინო მომსახურებაზე გაწეულ ხარჯებს“, — წერია ანგარიშში. თუმცა, აუდიტის სამსახურის თანახმად, ამ ინფექციების მნიშვნელოვანი ნაწილის თავიდან აცილება შესაძლებელია ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ეფექტიანი სისტემის პირობებში.
ძირითადი მიგნებები
აუდიტმა შემდეგი ნაკლოვანებები გამოავლინა:
- ქვეყანაში არ არის შემუშავებული იპკ-ის ერთიანი ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რაც ერთიან პოლიტიკას განსაზღვრავდა. ეს საკითხები მხოლოდ ფრაგმენტულად არის ასახული ცალკეულ სტრატეგიებში, რაც არ არის საკმარისი პოლიტიკის განსასაზღვრად;
ანგარიშის თანახმად, იპკ-ის სისტემის ეროვნული სტრატეგია ასევე უნდა მოიცავდეს „სახელმწიფოს მხრიდან სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციების ზედამხედველობის სისტემის შექმნას, რომელიც უზრუნველყოფდა სანდო ინფორმაციის მოპოვებას სამედიცინო დაწესებულებებში იპკ-ის მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზე, და მათი პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებებს“.
- სამინისტროსა და ცენტრის მიერ შემუშავებულია მექანიზმები, რომლებიც მიმართულია ქვეყანაში სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციების შესახებ ინფორმაციის გაუმჯებესებისკენ, არ არის საკმარისი მისი სანდოობის უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, სამინისტრო მოკლებულია შესაძლებლობას, ფლობდეს სრულყოფილ ინფორმაციას სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში აღნიშნული მიმართულებით არსებული რეალური მდგომარეობის შესახებ, რაც, თავის მხრივ, შექმნიდა ნოზოკომიურ ინფექციებზე გაწეული ხარჯების იდენტიფიცირებისა და ეფექტიანი მართვის პირობებს;
- კანონმდებლობა, ერთი მხრივ, ავალდებულებს დაწესებულებას, აღრიცხოს ნოზოკომიური ინფექციები, მეორე მხრივ კი, არ მოითხოვს მათი დადასტურებისთვის აუცილებელ ერთ-ერთ ინსტრუმენტს − მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიას. შესაბამისად, საქმიანობის დაწყების ეტაპზე არ არის განსაზღვრული მექანიზმი, რისი მეშვეობითაც შესაძლებელი იქნებოდა სტაციონარული დაწესებულებების მიერ ნოზოკომიური ინფექციების გამოვლენა, დადასტურება და აღრიცხვა;
- კანონმდებლობა არ მოითხოვს, შემოწმდეს სტომატოლოგიური სამედიცინო დაწესებულებები, საქმიანობის დაწყების ეტაპზე აკმაყოფილებენ თუ არა სავალდებულო მოთხოვნებს. ამავე დროს, შესამოწმებელი დაწესებულებების შერჩევის კრიტერიუმად არ არის განსაზღვრული ახლად გახსნილი სტომატოლოგიური დაწესებულებების შემოწმება, რაც ზრდის პაციენტების უსაფრთხოების რისკებს;
- სადეზინფექციო საშუალებების რეგისტრაციისას, დოკუმენტაცია ზოგიერთ შემთხვევაში წარმოდგენილია არასრულყოფილად. გარდა ამისა, არ არის კონკრეტულად გაწერილი, რა შინაარსის მატარებელი უნდა იყოს სავალდებულო დოკუმენტაცია, რაც ზრდის არაერთგვაროვანი მიდგომის რისკებს;
- არ არის შემუშავებული დეტალურად გაწერილი მეთოდოლოგია, რომლის მიხედვით, რეგულირების სააგენტო უნდა ახორციელებდეს სამედიცინო დაწესებულებების კონტროლს, რაც ზრდის იმის რისკს, რომ სრულად ვერ გამოვლინდება სტაციონარულ დაწესებულებებში არსებული იპკ სისტემის ნაკლოვანებები.
- იპკ-ის სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია სამედიცინო დაწესებულებებში სუფთა და ჰიგიენური გარემოს არსებობა, რისთვისაც გამოიყენება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ რეგისტრირებული სადეზინფექციო საშუალებები. თუმცა არსებული სარეგისტრაციო პროცედურები და მოთხოვნები არ არის კონკრეტული, რაც ზრდის იმის რისკს, რომ მოხდება ისეთი საშუალებების რეგისტრაცია, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ კანონმდებლობით განსაზღვრულ ნორმებს.
გამოვლენილ გარემოებებსა და ნაკლოვანებებზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გასცა შესაბამისი რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინების შემთხვევაში,უწყების განცხადებით, შესაძლებელი იქნება სისტემის ფუნქციონირების ეფექტიანობის გაუმჯობესება.