ახალი ამბები

აზერბაიჯანმა 2007 წლიდან დაკეტილი ჩიჩხიტური გაგვიხსნა – არქიმანდრიტი კირიონი

9 მაისი, 2019 •
აზერბაიჯანმა 2007 წლიდან დაკეტილი ჩიჩხიტური გაგვიხსნა – არქიმანდრიტი კირიონი

დავითგარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტ კირიონის ინფორმაციით, აზერბაიჯანულმა მხარემ 2007 წლიდან დაკეტილი ჩიჩხიტურის მონასტერი ქართველი მომლოცველებისა და ტურისტებისთვის გახსნა.

“აზერბაიჯანელებმა 2007 წელს დაიკავეს და დაკეტეს ჩიჩხიტურის მონასტერი და ქართული მხრიდან ასვლა აკრძალეს იმ მოტივით, რომ ჩვენს მხარეს მდებარეობსო. მას შემდეგ, რაც ახლა მოვლენები გამძაფრდა, უდაბნოს მონასტრის დაკავების მცდელობას საყოველთაო მღელვარება მოჰყვა და საზოგადოებამ დაანახა, რომ დავითგარეჯას არ დათმობს, ხელისუფლებამაც ფხა გამოიღო და მიღწეული იქნა შეთანხმება, რომ ჩიჩხიტურის მონასტერზეც ქართველი მომლოცველი და ტურისტი ჩვეულებრივ ავა და მოინახულებს”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” არქიმანდრიტმა კირიონმა.

მისი თქმით, ასევე, 6 მესაზღვრემდე შემცირდა აზერბაიჯანელი მესაზღვრეების კონტინგენტი.

“4-5 საათი დგანან და შემდეგ ისევ ჩადიან სასაზღვრო პუნქტი. თუმცა ესეც არ არის სწორი, ჩვენი ტერიტორიაა და აქ არ უნდა იყვნენ”, – განაცხადა კირიონმა.

25 აპრილს აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გადაკეტეს და სასულიერო პირებს ადგილზე თავისუფლად მოძრაობის საშუალება აღარ ჰქონდათ. არქიმანდრიტ კირიონის მიერ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ქართული მხარე აზერბაიჯანს დაუკავშირდა და საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ პრობლემა ამ ეტაპზე ამოწურულია და ქართველ მომლოცველებს და ტურისტებს “ქედს მიღმა” მონასტრების მონახულება ძველებურად შეუძლიათ.

ამავე თემაზე:

რა ვიცით დავითგარეჯის პრობლემაზე – მოკლედ და გასაგებად

მასალების გადაბეჭდვის წესი