ახალი ამბები

ნოღაიდელი დავითგარეჯაზე აზერბაიჯანის პრემიერისთვის გაგზავნილ წერილს განმარტავს

13 ოქტომბერი, 2020 • 1185
ნოღაიდელი დავითგარეჯაზე აზერბაიჯანის პრემიერისთვის გაგზავნილ წერილს განმარტავს

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ზურაბ ნოღაიდელმა, რომელიც “კარტოგრაფების საქმეზე” გუშინ პროკურატურაში გამოკითხეს, “რუსთავი 2-თან”განმარტება გააკეთა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრისთვის გაგზავნილ წერილის შესახებ.

ნოღაიდელი ამბობს, რომ არ ახსოვს, ვის მიერაა მომზადებული წერილი- საგარეო საქმეთა სამინისტროს, კულტურის სამინისტროს თუ უშიშროების საბჭოს სამდივნოს მიერ, თუმცა აცხადებს, რომ აღნიშნული დოკუმენტით არ ჩანს, რომ საქართველო უარს ამბობს აღნიშნულ ტერიტორიებზე.

ნოღაიდელი ასევე აცხადებს, რომ წერილი დაწერის საჭიროება სალოცავების რესტავრაციის საკითხმა გამოიწვია და საუბარია ჩიჩხიტურის კოშკსა და უდაბნოს მონასტერზე:

“მართალი რომ გითხრათ, დეტალები, რატომ დადგა დღის წესრიგში სწრაფად ამ სალოცავების რესტავრაციის საკითხი, გამოკითხვის დროს არ გამხსენებია, მაგრამ მერე გავიგე, რომ მიდიოდა იმ დროს ბერების მიერ ჩიჩხიტურის კოშკის გარემონტების მცდელობა და, შესაბამისად, იქ კონფლიქტურ სიტუაციას ჰქონდა ადგილი და ჩემი წერილის ამოცანა იყო, ქართული სალოცავების დაკანონება და რესტავრაცია შეგვძლებოდა.

ამავე ინტერვიუში ნოღაიდელი საუბრობს, რომ 2005 წელს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც მკაფიოდ ითქვა, რომ სამი სამლოცველო აზერბაიჯანის ტერიტორიაზე რჩებოდა, რის შემდეგაც იმდროინდელმა პრეზიდენტმა. მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა დასკვნა, რომ მთავარი ამოცანდ  ამ ძეგლების რესტავრაცია და ქართულ სალოცავებად შენარჩუნება რჩებოდა.

მისვე თქმით, აღნიშნული განცხადება უშიშროების საბჭოს სხდომაზე მომხსენებელმა გააკეთა, თუმცა ვინ იყო ეს მომხსენებელი ამბობს, რომ არ ახსოვს. შესაბამისად, ექსპრემიერი აცხადებს, რომ მაშინ სხვა საბუთი არ გააჩნდათ ალტერნატიულის მტკიცებისთვის:

“მკაფიო პოზიცია გვქონდა ჩვენ მაშინ და სხვა პოზიცია არ არსებობდა. ვთქვათ, იყო რამე რუკა ან რამე საბუთი ან საქართველოში, ან გინდა- სხვაგან, რომლის მიხედვითაც ჩვენი პოზიციები უფრო გამყარდებოდა და ჩვენ შეგვეძლებოდა ამ პრობლემის საჩვენოდ მოგვარება. აქ საუბარია ჩიჩხიტურის კოშკსა და უდაბნოს მონასტერზე, იმიტომ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერი რუკით, ბერთუბანი რჩება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე”, – ამბობს ნოღაიდელი.

მისი თქმით, წერილი იმგვარად იყო შედგენილი, რომ ვერავის ექნებოდა საფუძველი განეცხადებინა, რომ საქართველო უარს ამბობდა თავის პრეტენზიებზე ამ ტერიტორიების მიმართ:

“წერილი ისე იყო შედგენილი, რომ სადავო ვერავის მხრიდან ვერ გახდება. პრეტენზიას ვერავინ გამოთქვამს. რახან ეს წერილია დაწერილი, აზერბაიჯანის მხარეს ვერ ექნება საფუძველი, რომ თითქოს საქართველო უარს ამბობს თავის შესაძლო პრეტენზიებზე ამ ტერიტორიების მიმართ. ეს ყველაფერი წყდება დემარკაციის კომისიის ფარგლებში და ეს არის ერთადერთი სწორი, ლეგალური მიმართულება. შესაბამისად, ეს წერილი დიდი საამაყო შეიძლება არ არის და ჯობდა, ალბათ, ტელეფონზე საუბრით მოგვეგვარებინა, თუმცა, მეორე მხრივ, საკმაოდ რთული და დაძაბული ვითარება იყო და, როგორც ჩანს, სწრაფი ჩარევა იყო საჭირო.

მე არ მახსოვს, ვისი მომზადებულია წერილი- საგარეო საქმეთა სამინისტროს, კულტურის სამინისტროს თუ უშიშროების საბჭოს სამდივნოს, ამის დადგენა გამოძიებას არქივიდან თავისუფლად შეეძლება. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ამ წერილით საქართველო უარს არ ამბობს ამ პროცესის სხვა ფორმატში მოგვარებაზე და ჩვენ ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, გვაქვს დამატებითი არგუმენტები”, – განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა “რუსთავი 2-თან”.

გუშინ სოციალურ ქსელებსა და მედიის ნაწილში გავრცელდა ზურაბ ნოღაიდელის ძველი “წერილი”, რომელსაც აზერბაიჯანის პრემიერს წერს. წერილში საქართველოს პრემიერი აზერბაიჯანელ კოლეგას დახმარებას სთხოვს დავითგარეჯის კომპლექსის იმ ძეგლების რეაბილიტაციის საკითხში, რომელიც “აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იმყოფება”.

ზურაბ ნოღაიდელი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2005-2007 წლებში იკავებდა.

როგორც ცნობილია, კარტოგრაფების საქმეზე სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა არიან დაკავებული.

პროკურატურის ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტების მიერ, სახელმწიფო საზღვრის შეთანხმებისას, მუდმივად ხდებოდა რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირება და მათთვის გვერდის ავლით საქართველოსთვის საზიანო გადაწყვეტილებების მიღება.

პროკურატურის განცხადებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის 2007 წლის ჩათვლით პერიოდში შეთანხმებული საზღვრის რიგი მონაკვეთები არ შეესაბამება 1937-1938 წლებში გამოცემულ 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკებზე დატანილ საქართველოს საზღვრის ხაზს, სხვაობა საქართველოს საზიანოდ შეადგენს 3500-მდე ჰა ფართობს და, შესაბამისად, საქართველოს ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე შეიქმნა.

კარტოგრაფების საქმეს არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ და საუბრობენ პოპულისტურ განცხადებებსა და უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაზე მმართველი გუნდისა და სახელმწიფოს მხრიდან. მათი განცხადებით, ეს გარემოებები, რასაც წინასაარჩევნო კონტექსტიც ემატება, ბადებს ეჭვს, რომ საქმე პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციას ემსახურება.

ბრალდებას არცერთი კარტოგრაფი აღიარებს: ნატალია ილიჩოვა ამბობს, რომ 1:200 000 მასტაბის რუკა, რომლის გამოუყენებლობასაც გამოძიება კომისიის წევრებს ედავება, მხარეებს საზღვრის დადგენის შესახებ 1938 წლის შეთანხმების ნაცვლად 1929 წლის შეთანხმებასთან აბრუნებს, რაც საქართველოს ინტერესებში არ შედის. ივერი მელაშვილი კი აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარე დილეტანტურ მიდგომებს ემყარება და მათ არაფერი აქვს საერთო რეალობასთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი