ახალი ამბებიკომენტარი

შესაძლებელია თუ არა დავითგარეჯას პრობლემის მოგვარება და როგორ | მოსაზრება

23 ოქტომბერი, 2019 •
შესაძლებელია თუ არა დავითგარეჯას პრობლემის მოგვარება და როგორ | მოსაზრება

ავტორი: ნინო სამხარაძე

1996 წელს შექმნილმა დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის თითქმის 25-წლიანმა მუშაობამ, მართალია, საბოლოო გადაწყვეტის გზები დღემდე ვერ დაადგინა, მაგრამ შეიქმნა გარკვეული სურათი, თუ რა შესაძლებლობები შეიძლება ჰქონდეთ მხარეებს პრობლემის მოსაგვარებლად.

ქართული მხარე მოლაპარაკებების პროცესში მუდმივად აყენებს ტერიტორიების გაცვლის საკითხს. აღნიშნული შეთავაზება ცალკეულ მონასტრებთან დაკავშირებით ზოგჯერ უფრო დიდი ტერიტორიის შეთავაზების სანაცვლოდ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდში არაერთხელ გაკეთდა, მაგრამ აზერბაიჯანი ამას არასდროს თანხმდებოდა. ცალკეული პოლიტიკოსები ბაქოში ამ შეთავაზებას განხილვის ღირსად მიიჩნევენ, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი „გაცვლა ტოლფასი“ იქნება. გამომდინარე იქიდან, რომ ძეგლს ორივე ქვეყნისთვის კულტურული მემკვიდრეობის ფუნქცია გააჩნია, გაცვლის “სამართლიანობა“ მეტისმეტად პირობითია. ამგვარად, პრობლემის გადაჭრის ეს გზა, ერთი შეხედვით, ყველაზე მიმზიდველია ქართული მხარისთვის, თუმცა ამავე დროს ყველაზე უტოპიურია აზერბაიჯანის უარყოფითი პოზიციის გათვალისწინებით. იმ ნარატივის არგუმენტაციის მიზნით, რომ საქართველოს საზღვრის მიღმა დარჩენილი სამი მონასტერი ალბანურ კულტურას მიეკუთვნება, აზერბაიჯანული მხარე საკუთარ ტერიტორიაზე მოქცეულ ქრისტიანულ მონასტრებს დაჟინებით იცავს. სწორედ ამიტომ ტერიტორიული გაცვლა, როგორც დავითგარეჯას პრობლემის გადაჭრა, დღემდე მათთვის მიუღებელი სცენარია.

თუმცა საზღვრის გახსნა არ არის ის გამოსავალი, რომლითაც ორი სახელმწიფო გრძელვადიან პერსპექტივაში გადაჭრის საკითხს. კონფლიქტის მოგვარების ალტერნატივებს შორის შეიძლება განვიხილოთ სადავო ტერიტორიის ალტერნატიული – ერთობლივი ან საერთაშორისო – განკარგვის გზები, თუკი მხარეები ამაზე შეთანხმებას მოახერხებენ. მაგალითად, შესაძლებელია, რომ დავით გარეჯას ტერიტორიამ შეიძინოს დაცული ტერიტორიის სტატუსი და მოხდეს მისი ერთობლივი მართვა-გამოყენება. გაზიარებული სუვერენიტეტის არაერთი პრეცედენტი არსებობს ევროპის ქვეყნებში, მაგალითად,საფრანგეთი და ესპანეთი ერთობლივად განაგებენ კუნძულს, რომელიც ორ ქვეყანას შორის საზღვარზე გამავალ მდინარე ბიდასოაზე მდებარეობს. მსგავსი გამოცდილება აქვთ გერმანიას და ლუქსემბურგს: ორი ქვეყნის საფრანგეთის საზღვართან გადაკვეთის წერტილთან მდინარე მოსელის კალაპოტი შემოსაზღვრავს 15 კუნძულისგან შემდგარ ტერიტორიას, რომელიც გაზიარებული სუვერენიტეტის ქვეშ ფუნქციონირებს.

საერთაშორისო გამოცდილება ასევე გვთავაზობს შემთხვევებს, როდესაც მხარეები სადავო ტერიტორიაზე კონტროლის დასამყარებლად მესამე მხარეს – ნეიტრალურ სახელმწიფოს ან სხვა ინსტიტუტს – მიმართავენ. ასეთ მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ სლოვაკეთსა და უნგრეთს შორის გაბჩიკოვო-ნაგიმაროს პროექტზე დავა, რომლის გადასაწყვეტადაც მხარეებმა მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო (ICJ) მოიწვიეს. კიდევ უფრო რადიკალური შემთხვევა ახსოვს უახლოეს ისტორიას ბოსნია-ჰერცოგოვინის, სერბეთის და ხორვატიის საზღვარზე მდებარე ქალაქ ბრცკოს სახით, სადაც მშვიდობის შენარჩუნების თაობაზე შეთანხმების ფარგლებში უმაღლესი საერთაშორისო წარმომადგენლის ინტენსიური დაკვირვების ქვეშ ხორციელდებოდა ქალაქის მართვა. საერთაშორისო ხელმძღვანელობის მიზნით შექმნილ უმაღლეს კომისიაში წარმოდგენილი იყო როგორც ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო), ისე ევროკავშირი და გაერო. შედეგად, დაახლოებით 15 წლის მანძილზე, 2012 წელს საერთაშორისო მანდატის დროებით შეჩერებამდე, განსხვავებული კულტურული და ეთნიკური კუთვნილების მოსახლეობით დასახლებული ქალაქი სრულიად მშვიდობიანად იმართებოდა.

ამგვარი გამოცდილებების გაზიარება დავითგარეჯას საკითხის პოლიტიკურ დონეზე მოგვარების გზაზე შეიძლება ერთ-ერთი ყველაზე პრაგმატული გადაწყვეტილება იყოს. პრობლემის გადაჭრის ეს გზები, ერთი მხრივ, გამოწვევაა აზერბაიჯანისა და საქართველოს ამბიციებისთვის, სრულად განკარგონ სადავო ტერიტორია, რადგან აღნიშნულ დავას პოლიტიკურთან ერთად მკვეთრი ნაციონალისტური კონტექსტიც აქვს ღრმა კულტურულ-რელიგიური ფესვების სახით. თუმცა, მეორე მხრივ, შეიძლება, ორივე სცენარი მიმზიდველ წინადადებად ჟღერდეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში კონფლიქტური საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნის თვალსაზრისით. ამ ყველაფრის მიუხედავად, საზოგადოებრივი მღელვარების თავიდან ასაცილებლად და მეგობრული ურთიერთობების შესანარჩუნებლად ყველაზე რეალისტური სცენარი დღეს ისევ იმ სტატუს-კვოს შენარჩუნება შეიძლება იყოს, რითაც დღემდე მუშაობდა ორი სახელმწიფო დავით გარეჯას სადავო მონაკვეთთან დაკავშირებით: ღია საზღვარი (განსაზღვრული საზღვრის ფარგლებში, ერთგვარი, გამტარი გზის უზრუნველყოფა), რომელიც საშუალებას მისცემს მსურველებს ორივე მხრიდან,თავისუფლად მოინახულონ და მოილოცონ სრული სამონასტრო კომპლექსი. იქიდან გამომდინარე, რომ ქართულ საზოგადოებაში მღელვარების გრადუსი ძირითადად სწორედ მონასტრების დახურვის დროს მატულობს, პრობლემის ამგვარი გადაწყვეტა, შესაძლოა,საზოგადოებრივი განწყობებისთვის გამაღიზიანებელ ფაქტორად ნაკლებად მივიჩნიოთ. თუმცა, მეორე მხრივ, ასეთ შემთხვევაში მუდმივად იარსებებს რისკი იმისა, რომ რადიკალურად განწყობილმა ნაციონალისტურმა ჯგუფებმა ორივე მხრიდან პერიოდულად პროვოკაციები მოაწყონ ეროვნული მოტივით, რაც არა მხოლოდ დავითგარეჯას საკითხის კვლავ გამწვავებას გამოიწვევს, არამედ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობებსაც დაძაბავს.

ამგვარად, ცხადია, რომ დავით გარეჯას საკითხი ქართული საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ის სცდება მხოლოდ საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის ნიუანსებს და დამატებით მნიშვნელობებს იძენს როგორც ქართული პოლიტიკური ელიტისთვის, ისე საზოგადოების დანარჩენი ნაწილისთვისაც. დავითგარეჯას საკითხი ხელშესახებ გავლენას ახდენს ქართულ ნაციონალურ ნარატივზე რელიგიური, კულტურული და ეროვნული სიამაყის კონტექსტში. ამგვარად, მიუხედავად იმისა, რომ დავა დავითგარეჯას სამი მონასტრის თაობაზე გარკვეულ გამოწვევებს უყენებს ქართულ სახელმწიფოს, საკითხით მანიპულირების შესაძლებლობას პოლიტიკური ძალები ხელიდან არ უშვებენ. ეს მოხდა, ერთი მხრივ, „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ მასების მობილიზაციისა და პროცესის საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების შემთხვევაში; მეორე მხრივ, ახალმა პრემიერმაც მიმართა მმართველი პარტიის ხელთ არსებულ პოლიტიკურ რესურსებს და სახელმწიფოთაშორის დონეზე გადაწყვიტა დავითგარეჯას პრობლემის მოკლევადიანი მოგვარება, რაც პერსპექტივაში მისი სადავო საზოგადოებრივი ავტორიტეტისა და პოლიტიკური წონის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. საკითხავი ახლა ის არის, თუ რა ძირითადი აქცენტებით გააგრძელებს გახარიას მთავრობა საკითხზე მუშაობას ისე, რომ ერთი მხრივ, არ დააზარალოს მეგობრული და ორივე ქვეყნისთვის სტრატეგიული სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები, მეორე მხრივ კი, შეინარჩუნოს დავითგარეჯას ინციდენტის გარშემო შექმნილი საზოგადოებრივი სიმშვიდე.


ავტორის შესახებ: ნინო სამხარაძე არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი პოლიტიკის მეცნიერების მიმართულებით.

რედაქციის შენიშვნა: კომენტარების განყოფილებაში გამოქვეყნებული სხვადასხვა ავტორის მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს “ნეტგაზეთის” პოზიციას.

სრულად დავითგარეჯის თემაზე ნინო სამხარაძის ნარკვევს: “დავით გარეჯი ქართულ ეროვნულ ნარატივსა და პოლიტიკური ელიტის დღის წესრიგში: რამდენად შესაძლებელია პრობლემის მოგვარება?”, – შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) ვებგვერდზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი