ახალი ამბები

ერთ-ერთი პირველი ვიზიტი ალბათ აზერბაიჯანში მექნება — ღარიბაშვილი

22 თებერვალი, 2021 • 912
ერთ-ერთი პირველი ვიზიტი ალბათ აზერბაიჯანში მექნება — ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ერთ-ერთი პირველი ვიზიტი, სავარაუდოდ, აზერბაიჯანში ექნება. აღნიშნულ გეგმებზე მან დავითგარეჯის საკითხთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა. პრემიერობის კანდიდატის თქმით, გარეჯის საქმე არის “თვალსაჩინო მაგალითი ღალატისა და ჩვენი სახელმწიფო ინტერესებისთვის საზიანო გადაწყვეტილებების მიღებისა უშუალოდ სააკაშვილის მიერ”, ენმ-ის ხელისუფლების დროს.

“პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ აზერბაიჯანი არის ჩვენი ძალიან ახლო მეგობარი, სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, რომელსაც მართავს ბრძენი მმართველი, ბატონი ალიევი, რომელთანაც მაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა. ერთ-ერთი პირველი ვიზიტი ალბათ აზერბაიჯანში შედგება, იმის მიხედვით, როგორც კოვიდსიტუაცია მოგვცემს საშუალებას.

ჩვენ გვექნება დიალოგი აზერბაიჯანთან, ჩვენს მოძმე სახელმწიფოსთან. მე მჯერა, რომ ბატონი ალიევი და ჩვენი მეგობარი აზერბაიჯანული მხარე მიიღებს გონივრულ გადაწყვეტილებას და ჩვენ მივიღებთ გონივრულ გადაწყვეტილებებს, შევძლებთ მოლაპარაკებას და საერთო ენის გამონახვას”, — აღნიშნა მან.

ღარიბაშვილის თქმით, დავითგარეჯის საკითხი წარმოადგენს “ნაღმს”, რომელიც წინა ხელისუფლების დროს ჩადეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის გაუგებრობის გასაჩენად.

ვრცლად:

რა ვიცით დავითგარეჯის პრობლემაზე – მოკლედ და გასაგებად

მასალების გადაბეჭდვის წესი