ახალი ამბები

ჩეჩნები აცხადებენ, რომ ქუთაისის აეროპორტში ბორკილები დაადეს

2 ნოემბერი, 2014 •
ჩეჩნები აცხადებენ, რომ ქუთაისის აეროპორტში ბორკილები დაადეს

ორივე მათგანი ბუდაპეშტიდან წუხელ ჩამოფრინდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში “ვიზ ეარის” რეისით. თუმცა ნეტგაზეთთან აცხადებენ, რომ სამართალდამცველებმა ბორკილები დაადეს და ახლო მომავალში მოსკოვში უპირებენ გაძევებას. ჯა გერიევი მომხდარს ფეისბუკზე ასე აღწერს:

“ბუდაპეშტიდან ქუთაისის აეროპორტში დაახლოებით დილის 3-4 საათზე ჩამოვფრინდით. როდესაც კონტროლიორმა პასპორტში [დაბადების ადგილად] ჩეჩნეთის რესპუბლიკა დაინახა, ისე, როგორც ძირითადად ლარსის გამშვებ პუნქტზე ხდება ხოლმე, ხელმძღვანელ პირებს დაურეკა, რომლებმაც ჩვენ ორნი ცალკე ოთახში შეგვიყვანეს (თვითმფირნავით დაახლოებით 100-მდე ადამიანი ჩამოფრინდა).

 

კაბინეტში თავდაპირველად იჯდა ერთი პოლიციელი, რომელმაც, ვციტირებ: “ჩეჩნების, ზოგჯერ დაღესტნელებისა და ინგუშების შემოწმების ჩვეულრებრივი პროცედურა ჩაგვიტარა. ამის შემდეგ მას შეუერთდა კიდევ ერთი ხელმძღვანელი პირი გიორგი, რომელიც ფიზიკურად გასწორებით დაგვემუქრა, ცოტა მოგვიანებით, როდესაც ბუდაპეშტში მიმავალ თითმფრინავში დაგვაბრუნეს.

 

მოგვცეს ორი ფურცელი ქართულ და ინგლისურ ენებზე. იმ გრაფაში, სადაც [დეპორტირების] მიზანი უნდა იყოს აღნიშნული, ჩაწერეს “სხვა მიზეზი”. კითხვაზე, რა მიზეზია ასეთი, მკაფიო პასუხი არ არსებობს.

 

ჩვენ უარი ვთქვით თვითმფირნავში [და შესაბამისად უნგრეთში] უკან დაბრუნებაზე. მე შენგენის ზონაში ვიზა დღეს მიმთავრდება. ტრაპზე ექიმები გამოვიძახეთ. საბოლოო ჯამში, ჩაგვსხეს თვითმფრინავში, რომელიც ქუთაისის აეროპორტში დაახლოებით 2 საათის განმავლობაში იყო გაჩერებული. შემდეგ გვთხოვეს, რომ დაგვეტოვებინა თითმფრინავი და გვითხრეს, რომ დეპორტაციას შემდეგი რეისით განახორიელებდნენ. დაგვადეს ხელბორკილები, მე 11 საათამდე, ხოლო ბექჰანს 12-მდე.

 

არანაირი ოფიციალური ახსნა-განმარტება ჯერ არ მოუციათ. გვეუბნებიან, რომ საღამოს ჩვენს დეპორტაციას მოსკოვში განახორციელებენ. ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია”, – წერს იგი.

 

ამ საქმეზე შსს-ს განმარტება ასეთია: “არსებობს საქართველოს კანონი “უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ”. მის მე-11 მუხლში საქართველოში ვიზის გაცემის ან ქვეყანაში შემოსვლის უარის საფუძვლებია განმარტებული. არის თ ქვეპუნქტი, როდესაც პირი არ იძლევა ინფორმაციას მგზავრობის მიზნის შესახებ. ამ შემთხვევაში მესაზღვრეს სრული უფლება აქვს, რომ პირი საზღვარზე არ შემოუშვას”.

 

ბექჰან გელგოევმა, რომელიც გროზნოში ბაზირებული არასამთავრობო ორგანიზაციის (Youth for the future) ხელმძღვანელია, ნეტგაზეთს უთხრა, რომ ისინი საქართველოში ტრანზიტის მიზნით ჩამოვიდნენ და გროზნოში მიემგზავრებიან. მისი თქმით, მესაზღვრეების კითხვაზე, სად აპირბდნენ წასვლას, მათ განმარტეს, რომ მიდიოდნენ თბილისში. თუ მოასწრებდნენ, საქართველოს დედაქალაქს დღესვე დატოვებდნენ, თუ არადა, შესაძლოა, თბილისშიც დარჩენილიყვნენ.

 

“მე ვუთხარი, რომ მივდიოდით სახლში, მაგრამ შეიძლება ცოტა ხანი აქ დავრჩეთ-მეთქი. მან მკითხა მისამართი, მაგრამ მე არ ვიცი ეს. იმიტომ, რომ ჩვენ ჰოსტელის არჩევაზე ვფიქრობდით”.

 

ნეტგაზეთის კითხვას, როგორ აპირებდნენ თბილისიდან გროზნოში გამგზავრებას, იგი პასუხობს, რომ ტაქსით ან მარშრუტკით. კითხვას, რატომ აირჩიეს, ბუდაპეშტიდან გროზნოში ჩასასვლელად ასეთი მარშრუტი, იგი პასუხობს, რომ ფულის გამო:

 

“იმიტომ, რომ ეს იაფია. ჩვენ არ გვქონდა ბევრი ფული”.

 

ბექჰან გელგოევის აზრით, ყველაფერი ის, რაც ქუთაისის აეროპორტში მოხდა, მის ერთ შეკითხვას უკავშირდება, რომელიც მან მესაზღვრეებს დაუსვა:

“როდესაც ჩვენ ცალკე ოთახში შეგვიყვანეს, მე ვკითხე, რატომ ახდენთ ამგვარ დისკრიმინაციას? საქართველო ხომ დემოკრატიული ქვეყანაა, მიუხედავად ციხეებში წამების ფაქტებისა-მეთქი. მითხრეს, რომ ამის გამო თქვენს დეპორტაციას მოვახდენთო. მოგვიანებით ისიც მითხრეს, რომ საქართველოს მოწინააღმდეგე ვარ. ეს ყველაფერი იმის გამო, რაც მე ვთქვი”.

მისივე მტკიცებით, როდესაც ბუდაპეშტისკენ მიმავალ თვითმფრინავში მას და ჯა გარიევს ძალით აბრუნებდნენ, ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა გიორგი ქალჯერიძემ მათ ფიზიკური განადგურებითაც დაემუქრა.

 

გელგოევის თქმით, აეროპორტში სიტუაცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც დილით ხელბორკილები მოხსეს. იგი ამბობს, რომ ამის შემდეგ სამართალდამცველებმა უკან დაუბრუნეს მობილური ტელეფონები და კომპიუტერები, შესთავაზეს საჭმელიც. ამ დროისთვის (17:00) გელგოევი და ჯარიევი ქუთაისის აეროპორტში იმყოფებიან და მოსკოვში დეპორტაციას ელოდებიან, თუმცა ამბობენ, რომ მათ ეს არ სურთ და სახლში დაბრუნება ჩრდილოეთ ოსეთის გავლით ერჩივნათ.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში რუსეთის მოქალაქე ჩეჩნების განცხადებებზე კომენტარს არ აკეთებენ და არც იმაზე საუბრობენ, არსებობს თუ არა ჩრდილოკავკასიელების შემოწმების რაიმე სპეციალური პროცედურა საზღვარზე. უწყებაში აცხადებენ, რომ გელგოევის და გარიევის ცალკე დაკითხვა არ მომხდარა.

 

ნეტგაზეთი არკვევს, ჩაერთო თუ არა პროცესში სახალხო დამცველის აპარატი.

 

ჯა გერიევი და ბექჰან გელგოევი
ჯა გერიევი და ბექჰან გელგოევი

მასალების გადაბეჭდვის წესი