შრომის უსაფრთხოების საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფი შეიქმნა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, მთავრობის საქმიანობაზე საპარლამენტო კონტროლის განხორციელების ფარგლებში, შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე თემატური მოკვლევას იწყებს,

თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნას კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე დაუჭირა მხარი.

“ჩვენი კომიტეტის უპირველესი ფუნქციაა ადამიანებზე ზრუნვა და შრომითი უფლებები ნამდვილად წარმოადგენს პრიორიტეტულ მიმართულებას. სხვადასხვა რეფორმების და გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს დაღუპული და დაშავებული ადამიანები. ქვეყანაში სიღარიბის დონე მაღალია, ადამიანებს ძალიან დაბალ ანაზღაურებაზე მუშაობა უწევთ და სამსახურში მაინც უნდა იყვნენ დაცულები, რომ უბედური შემთხვევა არ მოუვათ. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ ამ უბედურ შემთხვევებს ნულამდე დავიყვანთ, ვერც ერთი ქვეყანა ვერ ახერხებს ამას, მაგრამ ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება შევამციროთ ასეთი შემთხვევები”, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ.

თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრები არიან სოფიო კილაძე, რატი იონათამიშვილი, გიორგი ტუღუში, დიმიტრი მხეიძე, ანრი ოხანიაშვილი, ილია ნაკაშიძე, კარლო კოპალიანი, მირიან წიკლაური, აკაკი ზოიძე, დავით მათიკაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, გურამ მაჭარაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, ლევან ბეჟანიძე, ვანო ზარდიაშვილი.

თემატური მოკვლევის ჯგუფი აქტუალური საკითხის შესწავლისა და შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადების მიზნით იქმნება. თემატური მოკვლევის ჯგუფი მოკვლევის დაწყებიდან 2 თვის ვადაში მოამზადებს დასკვნას, რომელიც პარლამენტის ბიუროს ან კომიტეტს წარედგინება. შემუშავებული რეკომენდაციები თუ დავალებები შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებს გაეგზავნება.

ამავე თემაზე:

ზოგიერთი უპასუხისმგებლო კომპანიის კოლოსალური მოგების გამო ადამიანები იღუპებიან – კილაძე

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.