ზოგიერთი უპასუხისმგებლო კომპანიის კოლოსალური მოგების გამო ადამიანები იღუპებიან – კილაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ჭავჭავაძის გამზირზე მუშების გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა, დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის გამკაცრების აუცილებლობაზე ისაუბრა.

“სიტუაცია ნამდვილად არის ძალიან მძიმე. ჩვენი არაერთი რეფორმის მიუხედავად შრომის უფლებებისa და შრომის უსაფრთხოების საკითხებში, მაინც გვყავს გარდაცვლილები სამუშაო ადგილებზე. ფაქტია, რომ ჩვენი შრომის უსაფრთხოების პოლიტიკა ვერ იცავს ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ჩვენი კანონები არ არის საკმარისად ეფექტიანი იმისთვის, რომ დავიცვათ ადამიანები. ჩვენი აღსრულებაც არ არის საკმარისად ეფექტიანი იმისთვის, რომ დავიცვათ ადამიანები და ფაქტია ის, რომ, სამწუხაროდ, ზოგიერთი უპასუხისმგებლო კომპანიის კოლოსალური მოგებების გამო ადამიანები იღუპებიან და მათ სანქციების შიში არა აქვთ”, – განაცხადა კილაძემ.

დეპუტატის აზრით, გასამკაცრებელია სანქციები და გასაუმჯობებელია აღსრულება.

“აღსრულების გაუმჯობესებას, ბუნებრივია, სჭირდება მეტი თანხები ბიუჯეტიდან და თუ ჩვენ ფინანსთა მინისტრი გვეტყვის, რომ მას არა აქვს ეს თანხები, მე მგონია, რომ ჩვენ უნდა მოვძებნოთ ეს თანხები. დაუშვებლად მიმაჩნია ზოგიერთი კომპანიის ბიზნესინტერესის დაცვა ადამიანის სიცოცხლის და უსაფრთხოების ხარჯზე”, – განაცხადა სოფო კილაძემ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.