ახალი ამბები

თავდაცვის სამინისტრო მაღალჩინოსნების საქმის მასალების ნაწილობრივ გასაჯაროებას მოითხოვს

1 ნოემბერი, 2014 • • 1130
თავდაცვის სამინისტრო მაღალჩინოსნების საქმის მასალების ნაწილობრივ გასაჯაროებას მოითხოვს

“სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონის მე-17 და მე-18 მუხლების შესაბამისად, თავდაცვის სამინისტრო ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის შესყიდვის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის მასალების ნაწილობრივ განსაჯაროებას მოითხოვს. საიდუმლო გრიფის მოხსნის მოთხოვნით, თავდაცვის სამინისტრომ შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტს შესაბამისი ოფიციალური წერილი 28 ოქტომბერს გაუგზავნა. წერილი უწყების კანცელარიას 29 ოქტომბერს ჩაბარდა. 31 ოქტომბერს თავდაცვის სამინისტრომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტისგან უარი მიიღო. მიზეზად ის გარემოება დასახელდა, რომ არ იქნა წარმოდგენილი საქმის მასალები.  აქედან გამომდინარე თავდაცვის სამინისტრო (გრიფის მიმნიჭებელი უწყება) მიმართავს საქართველოს პროკურატურას თხოვნით, გადაეცეს საქმის მასალები შემდგომი დაბრუნების პირობით. იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურა მიზანშეწონილად არ ჩათვლის საქმის მასალების დედნების გადაცემას, თავდაცვის სამინისტრო საგამოძიებო უწყებას სთავაზობს უზრუნველყოს საქმის მასალების ასლების გადაცემა.  შესაბამისი წერილით თავდაცვის სამინისტრო საქართველოს პროკურატურას 3 ნოემბერს მიმართავს”, –ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. 

 

მაღალჩინოსნების საქმეზე გრიფის მოხნის აუცილებლობაზე ისაუბრა თავად  თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ. მისი თქმით, ამის  ელემენტები და წინაპირობები უკვე ჩანს, რადგან  პროცესი დახურულად წარიმართა, შესაბამისად, მნიშვნელოვანია საქმეს საიდუმლო გრიფი მოეხსნას:

 

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საიდუმლო გრიფი მოეხსნას უკვე ამ საქმეს, იმიტომ, რომ უსაფრთხოების კუთხით დიდი დარტყმა მიიღო ქვეყანამ ამ ნაბიჯით. აქედან გამომდინარე, იმ მომენტების საიდუმლოდ შენახვას, რაც თავის დროზე აუცილებელი იყო, რომ საიდუმლო ყოფილიყო, ახლა მნიშვნელობა არა აქვს. ამიტომ სრული ჭეშმარიტების დადგენისთვის მთავარია გამოძიება ღიად და გახსნილად წარიმართოს”.

 

დღეს, 1 ნოემბერს ასევე გაიმართა კოალიცია “ქართული ოცნების”  პოლიტსაბჭოს სხდომა, რომელსაც პრემიერ–მინისტრი ხელმძღვანელობდა და მას ესწრებოდა ირაკლი ალასანიაც, თუმცა სხდომის დასრულების შემდეგ მას კომენტარი არ გაუკეთებია. 

 

გრიფის მოხსნის შესახებ ჟურნალისტებთან პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა ისაუბრა:

 

“ამ შესყიდვასთან დაკავშირებით გრიფი თავად თავდაცვის სამინისტრომ გამოიყენა. თავისთავად ცხადია, მე ახლა დეტალებს ვერ გეტყვით, მაგრამ არის ნაწილი, რომელზეც გრიფის მოხსნის საშულება, ალბათ, იქნება და ეს გადაწყვეტილება თავად მინისტრმა უნდა მიიღოს“.

 

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანი დააკავა სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 000 ათასი ლარის გაფლანგვის ბრალდებით. პროკურატურის ცნობით, საუბარია თანხის კომპანია სილქნეტის სასარგებლოდ გაფლანგვის საქმეზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი