ახალი ამბები

კერძო დავა თუ მორიგი შეტევა მედიაზე? – პოლიტიკოსების შეფასებები რ2-ის საქმეზე

7 მაისი, 2019 • 1572
კერძო დავა თუ მორიგი შეტევა მედიაზე? – პოლიტიკოსების შეფასებები რ2-ის საქმეზე

ხელისუფლების წარმომადგენლები რუსთავი 2-ის ირგვლივ წამოწყებულ ახალ დავას მფლობელებს შორის დავას უწოდებენ, ოპოზიცია კი ამას მედიაზე მორიგ შეტევად აფასებს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის თქმით, ხელისუფლება რუსთავი 2-ზე შეტევას არ ახორციელებს და ამ განცხადებებით ტელევიზია საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს.

” ვხედავთ, რომ რუსთავი 2 არაერთხელ აანონსებს შეტევას რუსთავი 2-ზე, მაგრამ ამავე დროს ტელევიაზიას აქვს შეუზღუდავი საშუალება გამოხატოს საკუთარი აზრი. მეტსაც გეტყვით, ეს აზრი სცდება ყოველგვარ ეთიკურ, ზნეობრივ და მორალურ ფორმებს, მათ შორის- ლანძღვა-გინება პირდაპირ ეთერში. ალბათ, ყველანი ვრწმუნდებით, რომ რუსთავი 2-ზე არანაირი შეტევა არ მიმდინარეობს. ეს არის ტელევიზიის მხრიდან მორიგი მცედელობა, შეცდომაში შეიყვანოს როგორც ჩვენი მოქალაქეები, ისე საერთაშორისო საზოგადოება”,-აცხადებს მაია ცქიტიშვილი.

სასამართლოში შესულ სარჩელს, რომლის თანახმადაც, 9%-იანი წილის მფლობელი ნინო ნიჟარაძე კომპანიისგან, ჯამში, 26 მლნ ლარს ითხოვს, ორ კერძო სუბიექტს შორის დავად განიხილავს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი. როგორც ის ამბობს, ამ  დავაში პოლიტიკური ფაქტორების ძიებას საფუძველი არ არსებობს.

“ეს არის ერთი კომპანიის მეწილეებს შორის არსებული დავა და უსაფუძვლოა ამ დავაში პოლიტიკური სარჩულის დადება. არ მგონია, ყველაზე კრიტიკულად განწყობილი ადამიანებიც ფიქრობდნენ, რომ მედიას დღეს არ აქვს სიტყვის გამოთქმის თავისუფლება”, – ამბობს იონათამიშვილი.

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე ფიქრობს, რომ რუსთავი 2-ზე შეტევით ბიძინა ივანიშვილი ტელევიზიის ხელში ჩაგდებას ცდილობს. მისივე თქმით, საზოგადოება და ოპოზიციური პარტიების სრული სპექტრი რუსთავი 2-ს დაიცავს.

“ე.წ-მა ხელისუფლებამ, სინამდვილეში კი ბიძინა ივანიშვილის კრიმინალურმა დაჯგუფებამ, ახალი შეტევა დაიწყო სიტყვის თავისუფლებაზე და სიტყვის თავისუფლების რუპორ რუსთავი 2-ზე. რუსთავი 2-ის მთელი ქონების დაყადაღებისა და სტრასბურგში ტელეკომპანიის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების შემდეგ, ე.წ-მა ხელისუფლებამ რევანშის აღების გადაწყვეტილება მიიღო. დღეს არ გვაქვს საჭიროება და დრო იმისთვის, რომ “ფეიქ” სარჩელზე ვილაპარაკოთ. ამაზე გუშინ ამომწურავად ისაუბრა არხის გენერალურმა დირექტორმა. ბიძინა ივანიშვილს “ფეიქ სარჩელით” რუსთავი 2-ში ხელში ჩაგდება სურს, რათა ტელევიზია “ფეიქ ნიუსების” კიდევ ერთი ფაბრიკად გადააქციოს”, – ამბობს ვაშაძე.

„რუსთავი 2“-ის ბედი განსაზღვრავს, ვიცხოვრებთ ჩვენ 60-იანი წლების საბჭოთა კავშირში ან ჩრდილო კორეაში, თუ ვიცხოვრებთ ქვეყანაში, სადაც შესაძლებელია განსხვავეული აზრების არსებობა – ასე ეხმაურება  ევროპული საქართველოს ლიდერი დავით ბაქრაძე „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ შეტანილ ახალ სარჩელს. ბაქრაძის თქმით, რუსთავი 2-ის წინააღმდეგ ბრძოლით ხელისუფლება განსხვავებული აზრის ჩახშობას ცდილობს.

„იმ შეტევის პირობებში, რომელშიც „რუსთავი 2“ უკვე წლებია იმყოფება ხელისუფლების მხრიდან, ნებისმიერი სარჩელი და ნებისმიერი მოქმედება, რომელიც ხორციელდება სტრასბურგის სასამართლოს გვერდის ავლით, ცალსახად უნდა იყოს აღქმული, როგორც ფრონტალური შეტევის გაგრძელება „რუსთავი 2“-ზე. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს სარჩელის შინაარს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს სარჩელის იურიდიულ დეტალებს. ნებისმიერი შეტევა დღეს „რუსთავი 2“-ზე, იმ დროს, როდესაც სტრასბურგის სასამართლომ მკაფიო გადაწყვეტილება გამოიტანა, რომ ასეთი შეტევები შეჩერდეს, ცალსახად აღიქმება ტელეარხზე შეტევის გაგრძელებად. ამიტომ ამ სარჩელს უნდა მოჰყვეს რეაქცია ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც. ეს არის გაგრძელება ბრძოლის „რუსთავი 2“ ის წინააღმდეგ”, – ამბობს დავით ბაქრაძე.

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ტელეკომპანიის წინააღმდეგ სასამართლოში ახალი სარჩელი შევიდა კომპანიის 9%-იანი წილის მფლობელ ნინო ნიჟარაძისგან.

ნიკა გვარამია აცხადებს, რომ სარჩელის მიზანს ტელეკომპანიის მართვიდან მისი ჩამოშორება, არხის გაკოტრება და ბიძინა ივანიშვილის მიერ მისი ხელში ჩაგდება წარმოადგენს. “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის თქმით, არხი საგანგებო მდგომარეობაზე გადავიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი