ნეტგაზეთი | “რუსთავი 2” საგანგებო მდგომარეობაზე გადადის – ნიკა გვარამია “რუსთავი 2” საგანგებო მდგომარეობაზე გადადის – ნიკა გვარამია – Netgazeti

“რუსთავი 2” საგანგებო მდგომარეობაზე გადადის – ნიკა გვარამია

“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას თქმით, არხი საგანგებო მდგომარეობაზე გადადის.

ამის მიზეზად მან ტელეკომპანიაზე ხელისუფლების მორიგი შეტევა დაასახელა. გვარამიას ინფორმაციით, “რუსთავი 2”-ის წინააღმდეგ სასამართლოში ახალი სარჩელი შევიდა კომპანიის 9%-იანი წილის მფლობელი ნინო ნიჟარაძისგან. ნიკა გვარამია აცხადებს, რომ სარჩელის მიზანს ტელეკომპანიის მართვიდან მისი ჩამოშორება, ტელევიზიის გაკოტრება და ბიძინა ივანიშვილის მიერ მისი ხელში ჩაგდება წარმოადგენს.

გვარამიას თქმით, “რუსთავი 2”-ის მიმართულებით “კიდევ არის მოძრაობები”, რომელზეც დღეს არ ისაუბრებს და მხოლოდ სიტუაციაში გარკვევის შემდეგ გაახმოვანებს.

“ახალი ომი “რუსთავი 2”-ის, ქართული დემოკრატიის და სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ გაიხსნა, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ მხოლოდ ჩვენი ინტერესის დაცვას. ჩვენ არ ვაპირებთ თავდაცვის მდგომარეობაში გადასვლას. ჩვენ გადავდივართ თავდასხმის მდგომარეობაზე. ჩვენ ვიცით, რომ მხოლოდ “რუსთავი 2”-ის ინტერესების დაცვა უკვე ვეღარაფერს მოიტანს – უნდა შეიცვალოს ის, ვინც “რუსთავი 2″-ს სიტყვის თავისუფლებას და დემოკრატიას სისტემატურად თავს ესხმის. თავდასხმა უნდა იყოს ხელისუფლებაზე”, – განაცხადა გვარამიამ.

მისი თქმით, “რუსთავი 2” კვლავ მოიგებს ამ ომს.

“დაიხურება “რუსთავი 2″ და გაიხსნება ახალი, იმავე სახეებით, ამის პირობასაც გაძლევთ და ეს არაფერს შეცვლის, ქვეყნის დაზიანების გარდა, მაგრამ ამ ბრძოლის წაგებასაც არ ვაპირებთ”, – დასძინა გვარამიამ.

ამავე თემაზე:

“რუსთავი 2”-ის მეწილე არხს სასამართლოში უჩივის და 26 მილიონს ითხოვს – გვარამია

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.