ახალი ამბები

1 ნოემბრიდან თბილისის მაცხოვრებლები ზამთრის კომუნალურ ვაუჩერებს მიიღებენ

1 ნოემბერი, 2014 • • 920
1 ნოემბრიდან თბილისის მაცხოვრებლები ზამთრის კომუნალურ ვაუჩერებს მიიღებენ

მერიის ინფორმაციით, სოციალურად დაუცველი ოჯახები  250-ლარიან, დანარჩენი აბონენტები კი 100-ლარიან ვაუჩერს მიიღებენ.

 

„ვაუჩერი მიმდინარე წლის ნოემბერ-დეკემბერში დარიგდება იმ სქემით, რა სქემაც იყო დამტკიცებული.  ცვლილება არ მომხდარა, თუმცა ჩვენ გავზარდეთ დაფინანსების მოცულობა, როცა სექტემბერში შევცვალეთ ბიუჯეტი, ვინაიდან სოციალურად დაუცველთა ბაზაში შეტანილმა ცვლილებებმა დამატებითი დაფინანსების საჭიროება წარმოშვა“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, 5 თვის განმავლობაში თითოეულ ოჯახს სააბონენტო ანგარიშზე  20 ლარი დაერიცხება, საიდანაც 8 ლარითა და 45 თეთრით ელექტროენერგიის გადასახადი დაიფარება. ანუ წლის ყველაზე ცივ თვეებში თბილისელები მერიის კომუნალური ვაუჩერით  ელექტროენერგიის გადასახადზე თითქმის 2.5-ჯერ მეტ შეღავათს მიიღებენ, ვიდრე საქართველოს მთავრობის ტარიფების შემცირების ინიციატივით არის განსაზღვრული. საქართველოს მთავრობის ახალი ინიციატივით, ოჯახები, რომლებიც თვეში 300 კვტ-მდე ელექტროენერგიას მოიხმარენ, საწყის ეტაპზე, მხოლოდ 3 თვის განმავლობაში, 3 ლარით და 54 თეთრით ნაკლებს გადაიხდიან.

 

 მერიის ინფორმაციით, შეშით დაკმაყოფილდებიან იმ რაიონში მცხოვრები ოჯახები, სადაც გაზიფიცირება არ არის. ამ საკითხზე თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის  სამინისტროსთან ერთად მუშაობენ. ჩატარებული ჭრების შედეგად მობილიზებულ შეშას მოსახლეობას გამგეობები დაურიგებენ.

 

მერიაში დღეს, 1 ნოემბერს გამართულ შეხვედრას  კომპანიების –  „თელასის“ და „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი