ახალი ამბები

ეკონომიკის კომიტეტის წევრთა ნაწილი პარლამენტში ქობულიას მისვლას მხარს უჭერს

6 მაისი, 2019 • 1235
ეკონომიკის კომიტეტის წევრთა ნაწილი პარლამენტში ქობულიას მისვლას მხარს უჭერს

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის წევრების ნაწილი მზად არის, ეკონომიკის ყოფილ მინისტრს მოუსმინოს.

დღეს, 6 მაისს, პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციამ განცხადება შეიტანა და მოითხოვა,  კომიტეტის სხდომაზე განიხილონ გიორგი ქობულიას მუშაობა მინისტრობის პერიოდში და  თანამდებობიდან გადაყენების მიზეზები. ფრაქციის ერთ-ერთი ლიდერის, რომან გოცირიძის თქმით, კომიტეტი ვალდებულია მათი მოთხოვნა განიხილოს.

“იმ შემთხვევაში, თუ პერსონალურად დააყენებენ მისი მოწვევის საკითხს, კომიტეტის წევრების უმრავლესობის მხარდაჭერა იქნება საჭირო. გიორგი ქობულია ამბობს, რომ ბევრი რამ ვერ გაკეთდა, ბევრ რამეს მაძალებდნენო… მის მოხსენებაში ის აუცილებლად იტყვის, რა ვერ გააკეთა და რატომ. ასევე, ალბათ, ახსნის თანამდებობიდან გადაყენების მოტივებსაც”, – ამბობს გოცირიძე.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ ნეტგაზეთს უთხრა, პირადად ის მხარს უჭერს ქობულიას პარლამენტში მისვლას, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მაინც კომიტეტის წევრებმა უნდა მიიღონ.

“თუ მას აქვს სურვილი, რაღაც ინფორმაცია გააჟღეროს საჯაროდ და ამას აკეთებს ტელეეკრანებთან, ჩვენთანაც შეიძლება თქვას. ჩვენ [კომიტეტმა] უნდა ვიმსჯელოთ ამ საკითხზე. ამაზე უარი რომ ვთქვათ, [ქობულიას მოსმენაზე], უფრო მეტად მოხდება თემის აგორება. ამ ადამიანს რაც სათქმელი აქვს, ისედაც იტყვის, ტელევიზია და ინტერნეტი… მოვიდეს და თქვას, თუ აქვს სათქმელი”, – ამბობს კაკულია.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის კომიტეტში მისვლას მხარს უჭერს კომიტეტის წევრი კახაბერ ოქრიაშვილიც.

“თუ ამ საკითხზე იქნება მსჯელობა, მე მხარს დავუჭერ. რატომ არ უნდა მოვუსმინოთ?! ყოფილი მინისტრი ამბობს, შემიძლია მოვიდე და არგუმენტებით გელაპარაკოთო და რატომ არ უნდა მოვისმინო”,-უთხრა ნეტგაზეთს ოქრიაშვილმა.

საპარამენტო უმრავლესობისა და დარგობრივი ეკონომიკის პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რევაზ არველაძე ქობულიას პარლამენტში მისვლას მხარს არ უჭერს და მიიჩნევს, რომ ნეგატიურ საკითხებზე მინისტრებმა თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში უნდა ისაუბრონ.

“თუ ხარ საქმის სპეციალისტი და ცოტა თავმოყვარეობაც გაგაჩნია, პოსტზე ყოფნის დროს უნდა ილაპარაკო. ახლა პირადპირ ჩანს, რომ ის განაწყენებულია. არ მიმაჩნია, რომ მისი აქ მოსვლა ქვეყანას რაიმე დადებითს მისცემს, უარყოფითს-შეიძლება.”

საპარლამეტო წევრის, ნინო წილოსანისთვის გაუგებარია, რატომ სურს გიორგი ქობულიას დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში მისვლა.

“გაუგებარია ის შემოთავაზება, რაც მან გააკეთა კომიტეტში მოსვლასთან დაკავშირებით, რადგან უფრო კორექტული იქნებოდა ამ საკითხებზე თავიდანვე ერთმანეთთან საუბარი. ჩემთვის ასევე გაუგებარია ამ თემებზე ტელევიზიასთან საუბარი, რადგან ჩვენთან, როგორც გუნდის წევრებთან, მას ამ თემაზე კომუნიკაცია არ ჰქონია”,-ამბობს წილოსანი.

დავით სონღულაშვილმა ჯერ არ იცის, დაუჭერს თუ არა მხარს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში ქობულიას მოსმენის საკითხს. როგორც მან ნეტგაზეთს უთხრა, ეს გუნდში სამსჯელო საკითხია. მისივე თქმით, პრემიერმა ქობულიას თანამდებობიდან გადაყენებაზე საკმაოდ გასაგებად ისაუბრა.

“ზუსტად ერთი თვით ადრე, სანამ ბატონო გიორგი გადადგებოდა, ჩვენს წინაშე ანგარიში წარადგინა. მან უკვე თქვა, რა გაკეთდა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. მაგრამ მოვა თუ არა ის პარლამენტში, ამაზე საბოლოო გადაწყვეტილებას კომიტეტი მიიღებს.”.

გადაცემა “ფორბსის კვირისთვის” მიცემულ ინტერვიუში გიორგი ქობულია ამბობს, რომ მზად არის, პარლამენტის ეკონომიკის კომიტეტს საქმიანობის ანგარიში წარუდგინოს. ეკონომიკის უკვე ყოფილი მინისტრი განმარტავს, რომ პარლამენტის წევრების სურვილის შემთხვევაში მივა და 8-თვიანი მუშაობის პერიოდზე ისაუბრებს.

“როცა საუბარია ეკონომიკის სამინისტროს შედეგიანობაზე, მზად ვარ წარვადგინო ანგარიში, რა გაკეთდა და რა შედეგებს მივაღწიეთ. მზად ვიქნებოდი, ეს ანგარიში წარმედგინა პარლამენტის ეკონომიკური კომიტეტისთვის, თუ ამის სურვილი იქნებოდა. ჩემს თავს მოვალედ ვთვლი პარლამენტის წინაშე, რადგან ისინი არიან საზოგადოების წარმომადგენლები და თუ სურვილი იქნებოდა, ჩემს ანგარიშს მათ წინაშე წარვადგენდი”, – აცხადებს გიორგი ქობულია.

უფრო ითვლება, რომ გადამაყენეს – გიორგი ქობულია

მასალების გადაბეჭდვის წესი