ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის შეფასებით, პარლამენტმა ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა, როდესაც მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტზე მუშაობისას მეტი დრო არ დაუთმო ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.
“ძალიან მნიშვნელოვანია პროცედურების არსებობა, როდესაც საქმე მოსამართლეების დანიშვნას ეხება. ჩვენ, ევროსაბჭოსა და აშშ-თან ერთად, რჩევების გაცემის კუთხით აქტიურად ვიყავით ჩართული ამ პროცესში. რეკომენდაციები, რომლებიც ვენეციის კომისიისგან მივიღეთ, თანხვედრაშია იმ მიზნებთან, რომელთა მიღწევაც ჩვენ ვცადეთ. ვფიქრობ, ეს არის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა, როდესაც პარლამენტმა მეტი დრო არ დახარჯა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების განხილვაზე. მოცემულ ვითარებაში მნიშვნელოვანია, განაცხადების მიღების პროცესი წინ წავიდეს. საბოლოო ჯამში, პასუხისმგებლობა გადაწყვეტილებებზე განცხადების მიღების პროცედურებთან დაკავშირებით დაეკისრებათ პარლამენტს და მის ცალკეულ წევრებს,” -აცხადებს ევროკავშირის ელჩი საქართველოში.
ელჩის კომენტარის თარგმანს ტელეკომპანია “რუსთავი 2” ავრცელებს.
საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისა და საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი მესამე მოსმენით პირველ მაისს დაამტკიცა და პრეზიდენტმა ზურაბიშვილმაც ხელი უკვე მოაწერა.
პარლამენტის მიერ დამტკიცებული ცვლილება, რომელიც ორგანულ კანონში შედის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესს და კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოძიებასთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს.
რა კრიტიკული რეკომენდაციები აქვს ვენეციის კომისიას მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნაზე