ახალი ამბები

სამოქალაქო პლატფორმა “არა ფობიას” დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს მიმართავს

29 ოქტომბერი, 2014 • • 1668
სამოქალაქო პლატფორმა “არა ფობიას”  დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს  მიმართავს

“საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილის სანდრო ბრეგაძის მიერ გაზეთ “კვირის პალიტრისათვის” მიცემული ინტერვიუ  არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობის” ხელმძღვანელის ირაკლი ვაჭარაძის მიმართ აშკარა სიძულვილის ენას  და ფიზიკური ანგარიშსწორებისკენ მოწოდებას შეიცავს. პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან მისი მოხსენიება “ავადმყოფური აზროვნების ადამიანად”, “ერთუჯრედიან არსებად”, “მანქურთად”, ასევე მოწოდება ფიზიკური ანგარიშსწორებისკენ (“გამოჩნდება ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც ემოციურ ფონზე თავად გამოიყენებს ძალას!”) და არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობის შეზღუდვისკენ, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს”,-ნათქვამია მიმართვის ტექსტში.

 

სამოქალაქო პლატფორმას მიაჩნია, რომ  საჯარო მოხელის, მით უმეტეს, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის ამგვარი განცხადებები სერიოზული საფრთხის ქვეშ აყენებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, ახალისებს განსხვავებული აზრის მიუღებლობას, ფიზიკურ ანგარიშსწორებას და ემსახურება არასამთავრობო ორგანიაციების საქმიანობის დისკრედიტაციას.

 

“სახელმწიფო თანამდებობის პირს, როგორც საჯარო პოლიტიკის მწარმოებელს, ეკისრება მაღალი პასუხისმგებლობა, უზრუნველყოს ამ უფლების განუხრელი დაცვა. ხელისუფლების ვალდებულებაა, დაიცვას მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლება, მაშინაც კი, როდესაც გამოთქმული აზრი საზოგადოების უმრავლესობისთვის მიუღებელია. ამისთვის, პირველ რიგში, თავად თანამდებობის პირებმა უნდა შეიკავონ თავი საჯაროდ სიძულვილისა და შეუწყნარებლობის გამოხატვისგან.  მით უმეტეს, დაუშვებელია, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენელი თავად არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას, აყენებს მას შეურაცხყოფას განსხვავებული აზრის გამო და მეტიც, მოუწოდებს მისი საქმიანობის შეზღუდვისკენ და მასზე ძალადობისკენ”,- ნათქვამია მიმართვაში.

 

სამოქალაქო პლატფორმა მიიჩნევს, რომ სანდრო ბრეგაძის განცხადება საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მხრიდან ადეკვატურ რეაგირებას საჭიროებს, რაც  სანდრო ბრეგაძის პოლიტიკურ თანამდებობაზე დარჩენის მიზანშეწონილობას უკავშირდება.

 

თავად არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობა”  დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბრეგაძის თანამდებობიდან მოხსნას მოითხოვს. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ბრეგაძე საგაზეთო ინტერვიუში ადამიანის პატივისა და ღირსების შემლახველ გამონათქვამებს იყენებს “იდენტობის” აღმასრულებელი დირექტორის ირაკლი ვაჭარაძის მიმართ და საქართველოს პატრიარქის კრიტიკისთვის მოქალაქეებს მასზე ანგარიშსწორებისკენ მოუწოდებს.

 

პლატფორმა 13 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, ესენია “მედიის განვითარების ფონდი”, “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა”, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო”, “ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი”, “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება”, “იდენტობა”, “უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრი”, “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი”, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, “კონსტიტუციის 42-ე მუხლი”, “ღია საზოგადოება- საქართველო”, “საქართველოს რეფორმების ასოციაცია”  და კავშირი “საფარი”.

მასალების გადაბეჭდვის წესი