ახალი ამბები

გახარია 17 მაისზე: ჩვენი ამოცანა არის მოქალაქეთა დაცვა და არა – მედიატორობა

2 მაისი, 2019 • 1545
გახარია 17 მაისზე: ჩვენი ამოცანა არის მოქალაქეთა დაცვა და არა – მედიატორობა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი დეპუტატ გიორგი ლომიას საპასუხოდ, რომელმაც გახარიას 17 მაისს ლგბტქ თემის წევრებთან მედიატორობა სთხოვა, რათა მათ უარი თქვან მსვლელობაზე, აცხადებს, რომ შსს ორ ძალას შორის მედიატორი ვერ იქნება.

დეპუტატის მოსაზრებით, 17 მაისს თემის ქუჩაში მსვლელობა ქვეყანაში ვნებათაღელვას გამოიწვევს. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ გამოაცხადა.

“პატრიოტთა ალიანსის” წევრმა ლომიამ შს მინისტრს სთხოვა, თემის წევრებს ისეთი ადგილი გამოუყოს შესაგროვებლად, რომელიც არ იქნება დაკავშირებული არც “ქვეყნის გამარჯვებებთან და არც სიწმინდეებთან”.

გახარიას თქმით, უწყების ამოცანა მოქალაქეების დაცვა და მართლწესრიგის უზრუნველყოფაა:

“ამ თემასთან დაკავშირებით შსს სრულად აცნობიერებს და აფასებს რისკებს, თუმცა ამასთან მინდა გითხრათ, რომ აქ შსს მედიატორი ორ ძალას შორის ვერ იქნება. ჩვენი ამოცანა არის მართლწესრიგი და ჩვენი მოქალაქეების დაცვა. აქვე ხაზგასმით ვიტყვით, რომ ის ობიექტური რეალობა, რისკების შეფასება, რომელიც გვექნება, წინასწარ გავაცნობთ ორივე მხარეს. ასევე გავაცნობთ იმ პირობებს, რომელიც იქნება აუცილებელი, რომ ამ ღონისძიებების დროს ქალაქში რაიმე გართულება არ იყოს, რა თქმა უნდა, მოთხოვნის და თხოვნის სახითაც იქნება წაყენებული ორივე მხარისთვის” – ამბობს გახარია.

ლგბტქ ორგანიზაციებს ამ დრომდე არ გაუკეთებიათ განცხადება იმის თაობაზე, რომ 17 მაისს ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღის აღსანიშნავად მსვლელობის მოწყობას აპირებენ.

რაც შეეხება პრაიდის კვირეულს, ის 18-23 ივნისს თბილისში გაიმართება.

რას ნიშნავს პრაიდი და რა (არ) იგეგმება თბილისში

მასალების გადაბეჭდვის წესი