ახალი ამბები

დაადეთ ვეტო მოსამართლეთა შერჩევის შესახებ კანონპროექტს – იურისტები პრეზიდენტს

2 მაისი, 2019 • 971
დაადეთ ვეტო მოსამართლეთა შერჩევის შესახებ კანონპროექტს – იურისტები პრეზიდენტს

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებს, ვეტო დაადოსნმოსამართლეთა შერჩევაზე კანონში შესატანი ცვლილებების პროექტს. იურისტები მიიჩნევენ, რომ უმრავლესობის შემუშავებული და პარლამენტის მიერ პირველ მაისს მიღებული პროექტი სურათს არსებითად არ ცვლის და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს “თვითნებობის შეუზღუდავ საშუალებას” აძლევს.

“მიგვაჩნია, რომ აღნიშნული კანონპროექტი პრეზიდენტმა პარლამენტს უკან უნდა დაუბრუნოს მოტივირებული შენიშვნებით, რომელშიც სრულად იქნება გათვალისწინებული სასამართლოში არსებული კრიზისი, მისი რეალური მიზეზები და, შესაბამისად, აისახება საერთაშორისო საზოგადოების და სამოქალაქო სექტორის რეკომენდაციები.

შეზღუდული უფლებამოსილებების მიუხედავად, პრეზიდენტი, როგორც სახელმწიფოს მეთაური, ვერ იქნება დისტანცირებული უმნიშვნელოვანესი პროცესებიდან, რომლებიც განსაზღვრავენ, თუ როგორ სახელმწიფოში იცხოვრებენ ამ ქვეყნის მოქალაქეები, როგორც დღევანდელი, ასევე მომავალი თაობები”, – აცხადებს იურისტთა ჯგუფი.

დამოუკიდებელ იურისტთა ჯგუფი მიესალმება პრეზიდენტის განცხადებას, რომლის მიხედვითაც კანონპროექტის შემუშავების ბოლო ეტაპზე მასში ვენეციის კომისიის რამდენიმე რეკომენდაცია აისახა. თუმც, მიმართვის ხელმოწერები ფიქრობენ, რომ ყველაზე არსებითი ხასიათის რეკომენდაციები ცვლილებების პროექტში არ გაუთვალისწინებიათ.

“მაგალითად, ვენეციის კომისიის უმნიშვნელოვანესი რეკომენდაცია შერჩევის პროცესში კენჭისყრის ღიაობის და გადაწყვეტილების დასაბუთების შესახებ, სამწუხაროდ, დაუსაბუთებლად არ იქნა გათვალისწინებული.

წარმოდგენილი კანონპროექტი საშუალებას აძლევს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, ყოველგვარი არგუმენტის და კრიტერიუმის გარეშე, გაუმჭვირვალედ და ბუნდოვანი პროცედურით, კონკურსს მიღმა დატოვოს ღირსეული კანდიდატები.

იუსტიციის საბჭოსთვის მოქმედების მკაცრად განსაზღვრული წესების დადგენას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ ვითარებაში, როდესაც არ არის შესრულებული ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იუსტიციის საბჭოს საქმიანობის საკანონმდებლო ბაზის რეფორმირების თაობაზე, რომელიც კომისიამ ჯერ კიდევ 2017 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მისცა საქართველოს ხელისუფლებას”, – აცხადებენ ისინი.

ხელმომწერები ხაზს უსვამენ იმ გარემოებას, რომ სასამართლო სისტემაში კვლავ არსებობს მოსამართლეთა “კლანი”, რომელსაც პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი კიდევ უფრო გააძლიერებს.

“მოსამართლეთა ამ ჯგუფისთვის უზენაესი სასამართლოს კანდიდატების შერჩევაში ფაქტიურად შეუზღუდავი ძალაუფლების მიცემით, მოხდება სასამართლო სისტემის უზურპაცია კლანის მიერ ათწლეულების ვადით, რაც რეალურ საფრთხეს უქმნის თითოეული მოქალაქის უფლებების დაცვას, ქვეყნის სტაბილურ და დემოკრატიულ განვითარებას”, – ვკითხულობთ მიმართვაში.

მიმართვას ხელს აწერენ ანა ნაცვლიშვილი, მაია ბაქრაძე, კახა კოჟორიძე, კახა წიქარიშვილი, ბესიკ სისვაძე, უჩა ნანუაშვილი, დავით ჯანდიერი, თამარ ლალიაშვილი, ლია მუხაშავრია, ირაკლი კორძახია, ზაზა ხატიაშვილი, მამუკა ნოზაძე, დიმიტრი ხაჩიძე, ირაკლი გაბრიჩიძე, თამარ გეგელია, ბესიკ ლოლაძე.

საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისა და საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი 1 მაისს, მესამე მოსმენით დაამტკიცა, ეკა ბესელიასა და 12 დეპუტატის მიერ მომზადებული ცვლილებები კი პირველი მოსმენით ჩააგდო.

პარლამენტის მიერ დამტკიცებული ცვლილება, რომელიც ორგანულ კანონში შედის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესს და კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოძიებასთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს.

რა კრიტიკული რეკომენდაციები აქვს ვენეციის კომისიას მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი