ახალი ამბები

ვინც ეთნიკური შუღლის გაღვივებას ცდილობს, მოვუწოდებ, ფრთხილად ვიყოთ – გახარია გარეჯზე

1 მაისი, 2019 • 947
ვინც ეთნიკური შუღლის გაღვივებას ცდილობს, მოვუწოდებ, ფრთხილად ვიყოთ – გახარია გარეჯზე

შს მინისტრი და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი გიორგი გახარია სიფრთხილისკენ მოუწოდებს “ყველას, ვინც დავით გარეჯის თემით სპეკულირებს”.

გახარია დარწმუნებულია, რომ აზერბაოჯანთან საზღვრის დადგენის პროცესში მიიღწევა შეთანხმება, “რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებული იქნება როგორც კულტურული მემკვიდრეობა, ასევე, ეკლესიის ინტერესები”.

“ყველას მოგვეხსენება, რომ ეს არის ძალზე ფაქიზი თემა. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობა და, რა თქმა უნდა, საზღვრის დემარკაცია მაქსიმალურად შესაძლებელ მოკლე ვადებში უნდა დავასრულოთ. მე ერთმნიშვნელოვნად მოვუწოდებ ყველას, ვინც ცდილობს ამ თემით სპეკულირებას და ეთნიკური შუღლის გაღვივებას (არ მოვერიდები ამ სიტყვებს), ძალიან ფრთხილად ვიყოთ ამ თემასთან, რამეთუ დემარკაციის ფარგლებში დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან და მოძმე სახლემწიფოსთან შეთანხმებას მივაღწევთ ისეთს, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებული იქნება როგორც კულტურული მემკვიდრეობა, ასევე, ჩვენი ეკლესიის ინტერესები”, – განაცხადა გახარიამ დღეს, პირველ მაისს, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პირველი სხდომის შემდეგ.

გახარიას თქმით, დღევანდელი შეხვედრა ტექნიკური ხასიათის იყო და პრემიერ-მინისტრისგან დავალებები მიიღეს, მათ შორის, პანკისთან დაკავშირებით, რის შესახებაც ხვალ პარლამენტში ისაუბრებს. უსაფრთხოების საბჭოს მორიგი სხდომა ერთ თვეში გაიმართება.


უდაბნოს მონასტერთან განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაცია მედიაში 25 აპრილს გავრცელდა. დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა კირიონმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტერი გადაკეტეს და სასულიერო პირებს ადგილზე თავისუფლად მოძრაობის საშუალება აღარ აქვთ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი