ახალი ამბები

თბილისის მოდის კვირეული 27 ოქტომბერს დაიწყება

27 ოქტომბერი, 2014 • • 1223
თბილისის მოდის კვირეული 27 ოქტომბერს დაიწყება

გახსნის დღიდან 5 დღის განმავლობაში იმუშავებს გრანდიოზული შოუ-რუმი, რომელზეც წარმოდგენილია 30-მდე ქართველი დიზაინერის კოლექციები, აქსესუარები, ქუდები და ფეხსაცმელიც კი. ნებისმიერ მსურველს შეუძლია დღის განმავლობაში მივიდეს „დიზაინ ცენტრში“, დაათვალიეროს და შეიძინოს სასურველი ნივთი.

 

კვირეულის ორგანიზატორების ინფორმაციით, პირველ ჩვენებას ბრენდი „Dalood” გამართავს, რომელიც აერთიანებს სიმონ მაჩაბლის, იკა ბობოხიძისა და გრეგორი რეჯინის კაფსულა კოლექსციებს, არა SS 2015, არამედ მიმდინარე სეზონისათვის. შემდეგ „Dalood” ჯგუფის დიზაინერის, გოლა დამიანის SS 2015-ს იხილავს საზოგადოება. გოლას ჩვენებას მუსიკალურად გააფორმებს ქეთათო ჩარკვიანი. საღამო დიდი წვეულებით დასრულდება, რომელიც ასევე „დიზაინ ცენტრში“ გაიმართება.

 

რიგით მე-10 თბილისის მოდის კვირეულის მხარდამჭერაში აქტიურად ჩაერთო კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და თბილისის მერიის კულტურული ღონიძიებების ცენტრი.

 

თბილისის მოდის კვირეულის ძირითად პროგრამაში 20-მდე ქართველი დიზაინერის ჩვენება მოეწყობა: ავთანდილი, ანუკი არეშიძე, თამუნა ინგოროყვა, გოლა დამიანი (დალოოდ ჯგუფი), ატელიე „კიკალა“, მოდის სახლი „მატერია“, გიორგი შაღაშვილი, ლელა ელოშვილი, ქეთი ჩხიკვაძე, აკა ნანიტაშვილი, Mach & Mach, ლაკო ბუკია, ნინო ბაბუხადია, გვანცა ჯანაშია და სარა ალიევა (ბაქო, აზერბაიჯანი).

 

მოდის კვირეულზე კოლექციებს წარმოადგენენ ახალბედა დიზაინერები- ტატიანა მეფარიძე და წინა სეზონის დამწყებ დიზაინერთა კონკურსის გამარჯვებული თამთა შინდელიშვილი. „დიზაინ ცენტრში“ პირველი ჩვენებას ბრენდი „დალოოდი“ გამართავს, რომელიც კაფსულა კოლექციებით აერთიანებს იკა ბობოხიძეს, სიმონ მაჩაბელს და გრეგორი რეჯინის, რომელიც პირველად წარსდგება მაყურებლის წინაშე დიზაინერის სახით.

 

თბილისის მოდის მე-10 კვირული
თბილისის მოდის მე-10 კვირული

კვირეულის ფარგლებში, თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით გაიმართება მასტერკლასები, მათზე დასწრების შესაძლებლობა ყველა მსურველს ექნება.

 

კვირეულის ბოლო დღეს დამწყებ დიზაინერთა კონკურსიც გაიმართება, რომლის ჟიურიში უცხოელი სტუმრები იქნებიან. გამარჯვებულს სპეციალური პრიზით დააჯილდოვებენ და მას შესაძლებლობა მიეცემა მომდევნო კვირეულის მთავარ პროგრამაში სრული კოლექცია გამოიტანოს.

 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და თბილისის მოდის კვირეულს შორის მოლაპარაკებების თანახმად, მოეწყო პრესტური, რომლის სტუმრები გაეცნობიან ჩვენს ქვეყანას და მოდის კვირეულსაც გააშუქებენ Grazia Italy, Harper’s Bazaar (Russia & Kazakhstan), Buro 24/7, SNC Magazine, Wanderlust City guide, Interview Russia, NARGIS Magazine.

 

ორგანიზატორების ცნობით, იქნება თბილისის მოდის კვირეულის დღიურები ბლოგის სახით, რომლის ავტორებიც არიან Kate’s Cool Attitude. დღიურებში განთავსდება ექსკლუზიური ფოტო და ვიდეომასალა, ბლიცინტერვიუები და ჩვენებების შეფასებები, სტუმრების კომენტარები და სხვადასხვა საინტერესო და, რაც მთავარია, ექსკლუზიური მასალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი