ახალი ამბები

წერილში უნდა დაეწერა, რომ თეთრუაშვილი არაფერ შუაშია – მამალაძე ძმის შეწყალებაზე

26 აპრილი, 2019 • 1401
წერილში უნდა დაეწერა, რომ თეთრუაშვილი არაფერ შუაშია – მამალაძე ძმის შეწყალებაზე

გიორგი მამალაძის ძმის, თორნიკე მამალაძის თქმით, საპატრიარქომ დეკანოზს წერილის ნაცვლად შეწყალება შესთავაზა. თორნიკე მამალაძე ყვება, რომ გიორგი მამალაძეს უნდა დაეწერა წერილი, სადაც საპატრიარქოს მიმართ გახმიანებულ ბრალდებებს უარყოფდა, სანაცვლოდ კი მას შეიწყალებდნენ.

თორნიკე მამალაძეს ამ დროისთვის საპატრიარქოსთან კარავი აქვს გაშლილი, სადაც ძმის პატიმრობას აპროტესტებს.

“საპატრიარქოს წარმომადგენელი გამოვიდა და მითხრა, რომ უკვე პრაქტიკულად ყველაფერი გადაწყვეტილია, მან მითხრა, რომ მე უკვე შემეძლო კარვის აღება იმიტომ, რომ ჩემი ძმის შეწყალება უკვე გადაწყვეტილი იყო და მითხრა, რომ ბურთი თქვენს მოედანზეაო, როგორც გააგორებთ, სიტუაცია ისე წავაო.

მე შევეკითხე, თუ რას გულისხმობდა ის, მან კი მითხრა, რომ ჩემმა ძმამ წერილი უნდა დაწეროს .. და მეტსაც ვიტყვი, ამ წერილში უმეტესწილად უნდა ყოფილიყო ნახსენები შორენა თეთრუაშვილი, რომ ის  ამ საქმის უკან არ დგას, რაზეც ჩემმა ძმამ თქვა უარი და დავინახეთ, არ შედგა ეს გარიგება მათი მხრიდან და ჩემი ძმა საპყრობილეში დატოვეს,” – ამბობს თორნიკე მამალაძე “ტვ პირველთან” საუბარში.

მისივე თქმით, ის აღდგომის შემდეგ საპროტესტო აქციებს გეგმავს.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 19 პატიმარი შეიწყალა. შეწყალება ასევე შეეხო პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ 23 პირს, მათგან 2 ქალია. შეწყალებულებს შორის გიორგი მამალაძე არ იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი