საქართველოში გამოქცეული საუდელი დები

საუდელი დები Google-ისა და Apple-სგან ქალების გასაკონტროლებელი აპლიკაციების წაშლას ითხოვენ

საუდის არაბედითან თბილისში გამოქცეული დები,  მაჰა და ვაფა ალ-სუბაიები, Google-სა და Apple-სგან ითხოვენ მათი ონლაინ მაღაზიიდან წაშალონ ის აპლიკაცია, რომელიც ქალების გადაადგილების მონიტორინგის საშუალებას იძლევა.

დების მოთხოვნის შესახებ The Guardian წერს, რომელიც განმარტავს, რომ საუდის არაბეთში ქალებს სამუშაოს დასაწყებად, სამოგზაუროდ ან დასაქორწინებლად კაცი ნათესავის ნებართვა სჭირდებათ. აპლიკაციით Absher კი მათ აღნიშნული საჯარო სერვისებით სარგებლობაზე თანხმობის გაცემა და ქალების პასპორტების გამოყენების სიხშირის კონტროლი დისტანციურად შეუძლიათ.

საუდელი დები ამბობენ, რომ ამ “არაადამიანური” აპლიკაციის მეშვეობით, ქალები ოჯახში ძალადობას თავს ვერ აღწევენ, ვინაიდან აპლიკაცია ოჯახის წევრებს მათ ადგილსამყოფელს უმხელს.

“აპლიკაცია კაცებს ქალებზე კონტროლს ანიჭებს. მათ ის უნდა წაშალონ. თუ ისინი ამ აპლიკაციას წაშლიან, შესაძლოა, ხელისუფლებამაც მიიღოს რაიმე ზომები”, – ამბობს ვაფა ალ-სუბაი.

The Guardian ასევე წერს, რომ კომენტარისთვის აღნიშნულ კომპანიებს მიმართა, თუმცა დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით არ მიუღია. ამ დროისთვის არც Apple-ის Appstore-ს და არც GooglePlay-ს არ წაუშლია აპლიკაციები და მისი გადმოწერა მსურველებს შეუძლიათ.

სოციალურ ქსელში ორი დის მიმართვა პირველად 16 აპრილს გავრცელდა. მას შემდეგ კიდევ რამდენიმე ვიდეომიმართვა და ფოტო გამოაქვეყნეს. დები ამბობენ, რომ საუდის არაბეთიდან საქართველოში  გამოიქცნენ და აქ საფრთხე ემუქრებათ.

მათი თქმით, თავშესაფრის მიღება სურთ, რადგან საუდის არაბეთმა პასპორტის მოქმედება ორივე მათგანს შეუჩერა.

დების განცხადებით, მამა და ძმა უკვე საქართველოში არიან და ეძებენ. როგორც ვიდეოში ერთ-ერთი და ამბობს, ოჯახში ცუდად ექცეოდნენ, ხოლო საუდის არაბეთში არსებული კანონები მათ ფაქტობრივად არ იცავს. ისინი გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატს სთხოვენ დახმარებას.

“ჩვენ ვართ დები მაჰა და ვაფა საუდის არაბეთიდან. საფრთხეში ვართ და თქვენი დახმარება გვჭირდება, რათა ჩვენი ხმა სხვებს მივაწვდინოთ. ჩვენ გვჭირდება ქვეყანა, რომელიც მიგვიღებს და ჩვენს უფლებებს დაიცავს. გთხოვთ, დაგვეხმარეთ. ახლა საქართველოში ვიმყოფებით”, – აცხადებენ ისინი.

ბოლო ინფორმაციით, დების მიერ თავშესაფრის მიღების პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროც ჩაერთო. ნეტგაზეთმა მიმართა უწყებას დამატებითი კომენტარისტვის, სადაც გვითხრეს, რომ ყველა კანონიერი პროცედურა მიმდინარეობს, თუმცა, სხვა სახის ინფორმაცია დების უსაფრთხოების დაცვის მიზნით გასაიდუმლოებულია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან