ახალი ამბები

საუდელ დებს თავშესაფრის მიღების პროცედურების დაწყება შევთავაზეთ – შსს

18 აპრილი, 2019 •
საუდელ დებს თავშესაფრის მიღების პროცედურების დაწყება შევთავაზეთ – შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცავებმა მოინახულეს საუდის არაბედითან თბილისში გამოქცეული დები, რომლებიც აცხადებენ, რომ თავიანთი ოჯახისგან საფრთხე ემუქრებათ.

საუდის არაბეთის მოქალაქეებმა, დებმა მაჰა და ვაფა ალ-სუბაიებმა, ინტერნეტის მეშვეობით გაავრცელეს ვიდეომიმართვა, სადაც აცხადებდნენ, რომ ისინი იმყოფებოდნენ საქართველოში. აღნიშნული პირები ასევე აცხადებდნენ, რომ მათ ემუქრებათ საფრთხე საკუთარი ოჯახის წევრებისგან.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლები იმყოფებოდნენ მისამართზე, სადაც დები მაჰა და ვაფა ალ-სუბაიები დროებით ცხოვრობენ. სამართალდამცველების ვიზიტის მიზანი იყო მათთან გასაუბრება და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დახმარების შეთავაზება. ასევე, ამ ქალბატონებს მიეწოდათ ინფორმაცია, მათი სურვილის შემთხვევაში, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლის სტატუსის მისაღებად საჭირო პროცედურების შესახებ”, – აცხასდებს შსს.

უწყებისვე განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ  ინფორმაციის მიწოდების და შესაბამისი განმარტებების მიღების შემდგომ, აღნიშნული პირები დათანხმდნენ მიგრაციის დეპარტამენტის ლტოლვილთა საკითხების სამმართველოს მიმღებ ცენტრში გადაყვანაზე თავშესაფრის  მაძიებლობისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების გასავლელად.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ის ოჯახის წევრები, რომლებზეც დები ალ-სუბაიები მიუთითებდნენ, რომ საფრთხე ემუქრებათ, საქართველოში არ იმყოფებიან.

“დახმარება გვჭირდება” – ქალების თქმით, საქართველოში საუდის არაბეთიდან გამოიქცნენ

მასალების გადაბეჭდვის წესი