ახალი ამბები

აუცილებელია, საზღვრის დელიმიტაციის კომისიამ მუშაობა განაახლოს – ჟვანია დავით გარეჯზე

25 აპრილი, 2019 •
აუცილებელია, საზღვრის დელიმიტაციის კომისიამ მუშაობა განაახლოს – ჟვანია დავით გარეჯზე

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია დავით გარეჯის უდაბნოს მონასტერში ქართველი მომლოცველებისთვის შეზღუდვის დაწესებას განსაკუთრებით სამწუხარო ფაქტად აფასებს.

როგორც ჟვანიამ დღეს, 25 აპრილს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ ასეთ ფაქტები აღდგომის დღესასწაულს ემთხვევა.

მან ყურადღება გაამახვილა პრეზიდენტის მიერ რამდენიმე დღის წინ დავით გარეჯის მონახულებაზე. სალომე ზურაბიშვილმა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი 20 აპრილს მოინახულა და თქვა, რომ აუცილებელია ძეგლის აღდგენაზე მუშაობა.

“მოგეხსენებათ, პრეზიდენტი იმყოფებოდა დავით გარეჯში ძეგლთა დაცვის სააგენტოსა და “ევროპა ნოსტრას” წარმომადგენლებთან ერთად. მათ დაათვალიერეს ჩვენი სამონასტრო კომპლექსიც სრულად. ძალიან სამწუხაროა, როცა ასეთი ფაქტები ხდება. განსაკუთრებით ცუდია, როცა ეს ემთხვევა აღდგომის დღესასწაულს. ეს ფაქტები ცხადყოფს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის საზღვრის დელიმიტაციის საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი. შესაბამისად, აუცილებელია, საქართველოსა და ჩვენს მეგობარ აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის არსებული შეთანხმებისამებრ, კომისიამ დროულად განაახლოს მუშაობა, რათა ორ მეგობარ ქვეყანას შორის საზღვრები საბოლოოდ დადგინდეს და მომავალში ასეთ ხელოვნურ დაძაბულობას ადგილი აღარ ჰქონდეს”, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

უდაბნოს მონასტერთან განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაცია მედიაში დღეს, 25 აპრილს გავრცელდა. დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა კირიონმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტერი გადაკეტეს და სასულიერო პირებს ადგილზე თავისუფლად მოძრაობის საშუალება აღარ აქვთ.

რა ხდება დავით-გარეჯის მონასტერთან? – საგარეო უწყების განმარტება

მასალების გადაბეჭდვის წესი