ახალი ამბები

საქართველოს მოქალაქეების დაშავებაზე ინფორმაცია არ შემოსულა — ელჩი

8 ოქტომბერი, 2023 • 1441
საქართველოს მოქალაქეების დაშავებაზე ინფორმაცია არ შემოსულა — ელჩი

ისრაელში საქართველოს ელჩის ლაშა ჟვანიას განცხადებით, ისრაელში მყოფი საქართველოს რამდენიმე მოქალაქე გუშინ საქართველოში დაბრუნდა, სხვები კი უსაფრთხო ადგილას იქნენ გადაყვანილი.

მისი თქმით, საერთაშორისო კომერციულმა ავიაკომპანიებმა გააუქმეს რეისები, თუმცა ისრაელის აეროპორტი დაკეტილი არ არის.

„რამდენიმე ათეული მოქალაქე გუშინ დაბრუნდა, ვინც ვერ დაბრუნდა, სასტუმროთი უზრუნველვყავით. ბავშვები ფესტივალზე იყვნენ ჩამოსული, ისინი არიან უსაფრთხოდ“, — განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

მისი თქმით, საქართველოს საელჩო მუდმივ კონტაქტზეა ისრაელის პოლიციასთან, თავდაცვის სა საგარეო საქმეთა სამინისტროებთან.

„საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა. არ არის ასეთი საქართველოს მოქალაქე, რომელიც შეიძლებოდა დაშავებულიყო ამ პერიოდის მანძილზე. რამდენიმე ჩვენი მოქალაქე გუშინ უსაფრთხო ადგილზე იქნა გადმოყვანილი, სამი არის ნათანიაში, ერთი — თელ-ავივში“, — განაცხადა ელჩმა.

ლაშა ჟვანიას თქმით, ამ მასშტაბის ტერორისტული აქტი ისრაელში არ ყოფილა რამდენიმე წლის მანძილზე.

„დილით ადრე ისრაელის არმიამ კიდევ გამოაცხადა 25 გარდაცვლილის სია, რომელთა საშუალო ასაკი 20 წელია. ეს უმძიმესი პერიოდია ისრაელის სახელმწიფოს ისტორიაში, ებრაელი ერის ცხოვრებაში და არ ჰგავს არაფერს სხვას, რაც იყო. ამ წუთისთვის 250 -ზე მეტი დაღუპული ცხადდება, ჯერ კიდევ არ არის ყველა დასახლებაზე კონტროლი აღდგენილი ისრაელის არმიის მიერ“, — დასძინა საქართველოს ელჩმა.

საქართველოს საელჩოს ხელთ არსებული ინფორმაციით, შეიარაღებული თავდასხმის დროს ღაზას სექტორის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს 4 მოქალაქე იმყოფებოდა. ამ ეტაპზე ოთხივე მათგანი იმყოფება უსაფრთხო ადგილას. აღნიშნული ინფორმაცია, საელჩოს ცნობით, გადამოწმდა როგორც ისრაელის მხარესთან, ასევე ხსენებული ოთხი პირიდან ერთ-ერთთან კომუნიკაციის შედეგად.

რაც შეეხება ინტერნეტ-სივრცეში გავრცელებულ ფოტომასალას თითქოსდა ტყვედ ჩავარდნილ ქართველზე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მიმდინარეობს ავთენტურობის დადგენა და სანამ არ გაირკვევა დეტალები, მოქალაქეებს დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედებულია ცხელი ხაზის ნომრები:

  • +972526919092
  • +972 52-8888513
  • +972 54-7386813

7 ოქტომბრის დილით ისლამისტური ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ მებრძოლებმა ისრაელზე მასშტაბური შეტევა დაიწყეს – ქალაქებს დაუშინეს რაკეტები, ისრაელის ტერიტორიაზეც შეიჭრნენ. მათ დახოცეს როგორც მშვიდობიანი მოქალაქეები, ისე — სამხედროები, მძევლად აიყვანეს მოხუცები, ქალები და ბავშვებიც, ფაქტების ამსახველი ვიდეოები კი სოციალური ქსელებით გაავრცელეს. მიმდინარე მოვლენებზე ახალი და სანდო ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ:

თავდასხმა ისრაელზე, დღე 2 – განახლებადი

მასალების გადაბეჭდვის წესი