ახალი ამბები

მუსლიმი მოსახლეობა პროტესტის ნიშნად შვილებს სკოლაში არ უშვებს

23 ოქტომბერი, 2014 • • 1157
მუსლიმი მოსახლეობა პროტესტის ნიშნად შვილებს სკოლაში არ უშვებს

“დაგეგმილია და ხვალიდან ნამდვილად შესრულდება, ჩვენ ვაჩერებთ სასკოლო პროცესს, ჩვენი ბავშვები არ მივლენ სკოლაში, სანამ ჩვენ არ მოგვხედავენ. მოხეში, ჭელაში, საირმეში და სადაც სკოლაა, არ მივლენ პროტესტის ნიშნად სკოლაში. სკოლაც მათი იყოს, მასწავლებლებიც მათი იყოს და ჩვენ ვნახავთ რა იქნება, ბოლოს და ბოლოს. რამდენ ხანს უნდა იყოს ასე? რამდენ ხანს უნდა გვჩაგრონ უდანაშაულო ხალხი?”-აცხადებს  სოფელ მოხეს მცხოვრები ოთარ გორგაძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

 

სოფელ მოხეში მცხოვრებმა მუსლიმებმა მთელი ღამე ახალციხის სამხარეო პოლიციის სამმართველოს შენობასთან გაატარეს, სადაც ძველ მეჩეთთან დაკავშირებული ინციდენტების დროს დაკავებულ პირთა ნაწილია დგადაყვანილი.

 

“მთელი ღამე ფეხზე გავათენეთ სიცივეში, ყინვაში, ჩვენ პატრონი არ გაგვაჩნია, მოკლედ რომ ვთქვა, არავინ გარეთ არ გვხედავს. ვდგავართ და ვითხოვთ, რომ ეს უდანაშაულო ხალხი გაათავისუფლონ, ვიდგებით აქ, სანამ არ გაათავისუფლებენ”,- აცხადებს  ოთარ გორგაძე.

 

გუშინ, 22 ოქტომბერს, სოფელ მოხეში ყოფილი მეჩეთის დემოტაჟს დაუპირისპირდა ადგილობრივი მუსლიმი მოსახლეობა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, რის შემდეგაც თვითმხილველების თქმით, ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას, პოლიციის მხრიდან რამდენიმე მოქალაქის ცემის ფაქტს. საბოლოოდ პოლიციამ გუშინ სოფელ მოხეში 14 ადამიანი დააკავა სხვადახვა ბრალდებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი