ახალი ამბები

კომუნიკაციის ნაკლებობა უნდა ვაღიაროთ – სოფო კილაძე პანკისის მოვლენებზე

22 აპრილი, 2019 • 1113
კომუნიკაციის ნაკლებობა უნდა ვაღიაროთ – სოფო კილაძე პანკისის მოვლენებზე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე მიიჩნევს, რომ პანკისში განვითარებული მოვლენების თავიდან აცილება შესაძლებელი იყო.

როგორც კილაძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა, ეს შესაძლებელი იქნებოდა მეტი კომუნიკაციის შემთხვევაში.

“როგორც კი ვნახე კადრები, მე პირადად გამიჩნდა განცდა, რომ აქ იყო კომუნიკაციის სერიოზული ნაკლებობა და ეს აუცილებლად უნდა ვაღიაროთ. ჩვენი კონსტიტუცია იძლევა გარანტიებს, რომ ყველა ადამიანი უნდა ცხოვრობდეს ჯანსაღ გარემოში, თითოეულ ადამიანს აქვს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება და გამოხატვის თავისუფლება. პირველ რიგში, პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ეკისრება, რომ ყველა ამ უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა ჰქონდეთ ადამიანებს”, – განაცხადა კილაძემ.

მისი თქმით, ჰესის აშენება ასევე ლეგიტიმური ინტერესია ქვეყნის უსაფრთოებისთვის, მაგრამ სად აშენდება ჰესი, როგორ და რა გავლენას იქონიებს ადგილობრივ კლიმატზე და ცხოვრებაზე – ამ ყველაფერს სჭირდება მჭიდრო კომუნიკაცია ადგილობრივ საზოგადოებასთან და ფართო საზოგადოებასთან.

“ვფიქრობ, აქ იყო ჩვენი სუსტი რგოლი და ამიტომ მოხდა ბევრი ისეთი რამ, რაც შეგვეძლო თავიდან აგვეცილებინა”, – განაცხადა კილაძემ.

დეპუტატის აზრით, შესაძლებელია, ადამიანებს მცდარად მიეწოდებოდათ ინფორმაცია და ამის შემდეგ მოხდა ის, რაც “არ გვეკადრებოდა მთლიანად ქართულ საზოგადოებას”.

“პოლიციელებიც ადამიანები არიან და მათაც აქვთ თავიანთი უფლებები. ის, რაც მოხდა, იყო არასასურველი და შეგვძელო ამ ყველაფრის თავიდან აცილება”, – დასძინა კილაძემ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი