ახალი ამბები

“მიუხედავად მუქარისა, პანკისის რადიოს სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვლება” – მთივლიშვილი

6 სექტემბერი, 2020 • 1496
“მიუხედავად მუქარისა, პანკისის რადიოს სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვლება” – მთივლიშვილი

“პანკისის სათემო რადიოს” დამფუძნებელი გელა მთივლიშვილი ამბობს, რომ მიუხედავად ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარისა და პანკისის ხეობიდან რადიოს გაძევების მოთხოვნისა, რადიო არ შეცვლის სარედაქციო პოლიტიკას და გააგრძელებს მოვლენების კრიტიკულად და ობიექტურად გაშუქებას.

პანკისის ხეობიდან რადიოს გასვლის მოთხოვნით, აქციები პანკისში 29 აგვისტოსა და 5 სექტემბერს გაიმართა. ადგილობრივთა ერთი ჯგუფი “პანკისის რადიოს” პროვოკაციულ მუშაობაში ადანაშაულებს, იწუნებს მათ საქმიანობას და ღიად ემუქრება, თუ რადიო არ შეწყვეტს პანკისის ხეობაში მუშაობას, ისინი რადიოს ინვენტარის განადგურებით ექმურებიან. აქციაზე ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარა გაისმა გელა მთივლიშვილის მისამართითაც. მიუხედავად საჯაროდ გავრცელებული მუქარისა და ოფიციალური მიმართვისა, სამართალდამცავებს მუქარის ფაქტებზე რეაგირება ამ დრომდე არ მოუხდენიათ.

ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი მიიჩნევს, რომ მუქარა რეალურია და ის პოლიციისგან ითხოვს, ფიზიკურად დაიცვას “პანკისის რადიოსა” და მისი თანამშრომლების უსაფრთხოება. სწორედ არსებული მუქარისა და რეალური საფრთხის გამო, როგორც მთივლიშვილი ამბობს, გააუქმა თანამშრომელთა მივლინებები პანკისის ხეობაში და თავადაც დროებით თავს იკავებს ხეობაში მისვლისგან.

“მე თვითონ პანკისში უნდა ვყოფილიყავი ხუთშაბათს (3 სექტემბერს) გადაცემის ჩაწერაზე, მაგრამ არ ჩავედი იმიტომ, რომ იყო ღია მუქარა ოფისის დარბევასთან და ჩემს იძულებასთან დაკავშირებით, რომ ხეობა უნდა დამატოვებინონ. არ მინდოდა ჩემი იქ გამოჩენით ვითარების დაძაბვისთვის შემეწყო ხელი და არ გამოვჩნდი აბსოლუტურად გააზრებულად”, – უთხრა გელა მთივლიშვილმა ნეტგაზეთს.

მან 4 სექტემბერს პროკურატურასაც მიმართა განცხადებით, მაგრამ როგორც თავად ამბობს, ამ დრომდე არ იცის, თუ რა რეაგირება მოჰყვა მის განცხადებას. გამოძიება აღნიშნულთან დაკავშირებით არც შსს-ს დაუწყია.

“პანკისის რადიო” შაბათ-კვირას დაკეტილი იყო, რადგან ამ დღეს ეთერში საინფორმაციო გამოშვება არ გადის, მაგრამ რადიო ორშაბათიდან მუშაობის განახლებას გეგმავს.

“ორშაბათს განვაახლებთ მუშაობას და შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე მივმართეთ, რომ უსაფრთხოების ზომები იყოს დაცული. მე ამ ეტაპზე პანკისის ხეობაში ჯერჯერობით არ ჩავალ. ეს არ ნიშნავს, რომ რადიო სარედაქციო პოლიტიკას შეცვლის, ან ზოგიერთ თემას კრიტიკულად არ გააშუქებს. არავითარ შემთხვევაში. რადიო ისეთივე ობიექტურ მუშაობას გააგრძელებს, როგორც იყო აქამდე”, – ამბობს მთივლიშვილი.

რადიოს დამფუძნებელი მის წინააღმდეგ აგორებულ იძულების კამპანიას და მუქარას პირდაპირ უკავშირებს ადგილობრივ ხელისუფლებასა და სახლემწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს.

“ის, რომ გამოძიება არ არის დაწყებული, მიუთითებს იმაზე, რომ ეს კამპანია ორგანიზებულია სახელმწიფო ინსტიტუტების ჩართულობით. პირდაპირ ვასახელებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და მათ თანამშრომლებს. მუქარაზე და ჟურნალისტის იძულებაზე, რომ კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში არ შევიდეს სამუშაოდ, გამოძიების არდაწყებით და რეაგირების არქონით, ხდება პოტენციური მოძალადეების, მუქარის ავტორების წახალისება და ხელშეწყობა, რომ მათ ეს მუქარა მოიყვანონ სისრულეში”, – მიიჩნევს მთივლიშვილი და დასძენს, რომ ის ყველაფერს გააკეთებს მის წინააღმდეგ დაწყებული ქმედებების შესაჩერებლად.

ჟურნალისტის თქმით, ის უკვე შეხვდა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატების ნაწილს, ნაწილთან შეხვედრა და 7 სექტემბრიდან გაგრძელდება. როგორც ჟურნალისტი ამბობს, ის არ დაიშურებს ძალისხმევას, რომ აიძულოს სახელმწიფო ორგანოები, იმოქმედონ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით და მუქარის საფუძველზე დაიწყონ და ობიექტურად გამოძიონ ეს ფაქტები.

როგორი უნდა იყოს სახელმწიფოს პასუხი მუქარაზე

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი მარიამ გოგოსაშვილი მიიჩნევს, რომ 29 სექტემბრის აქციაზე პანკისში გაკეთებული განცხადებები შეიცავდა როგორც მუქარის, ასევე ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლის ნიშნებს. კერძოდ, მოთხოვნა იყო, რომ ჟურნალისტმა შეწყვიტოს თავისი პროფესიული საქმიანობა და მედიასაშუალებამ დატოვოს კონკრეტული ტერიტორია, ანუ პანკისის ხეობა.

როგორც გოგოსაშვილი ამბობს, როცა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია, ასეთ შემთხვევებზე აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება და მით უმეტეს, რომ აქცია იმართებოდა პოლიციის შენობასთან ახლოს და სწორედ ამიტომაც, პოლიციას ადგილზევე უნდა მოეხდინა რეაგირება.

“სახელმწიფომ ამ საკითხზე დროული და ეფექტიანი რეაგირება უნდა ჰქონდეს, რადგან საფრთხე ემუქრება კონკრეტული მედიასაშუალების თანამშრომლების უსაფრთხოებას და ასეთ შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს. ჩემთვის ძალიან გასაკვირი იყო, როცა გავიგე, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით ამ დრომდე არანაირი რეაგირება არ ყოფილა”, – ამბობს გოგოსაშვილი ნეტგაზეთთან ინტერვიუში.

მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მედიასაშუალებას ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებიან წინასაარჩევნო პერიოდში და სახელმწიფო თუ არ გადადგამს შესაბამის ნაბიჯებს, “ჩნდება სერიოზული კითხვის ნიშნები და ეს აუცილებლად უნდა განვიხილოთ წინასაარჩევნო კონტექსტში”.

“რა თქმა უნდა, ეს უარყოფითად აისახება ზოგადად მედიაგარემოზე. სწორედ ამიტომ აუცილებელია, ამას მოყვეს სწრაფი და დროული რეაგირება”, – ამბობს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი.

მისივე აზრით, სანამ გამოძიება დაიწყება და დასრულდება, მანამდე პირველი რიგის ამოცანა “პანკისის რადიოს” თანამშრომლების ფიზიკური საფრთხისგან დაცვაა, რაც ასევე სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა.

როგორც გოგოსაშვილი ამბობს, აუცილებელია როგორც გამოძიების დროული დაწყება, ისე მისი ეფექტიანი და დროული დასრულება. მისივე თქმით, ეს საქმე არ უნდა დაემსგავსოს ისეთ ფორმალურ გამოძიებებს, რომლებიც წლების განმავლობაში იწყებოდა ჟურნალისტთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე და ამ დრომდე არაფერი ვიცით ამ საქმეების შედეგებზე.

“თუნდაც 2019 წლის 20 ივნისის აქციის დაშლისას ჟურნალისტების მიმართ ძალადობაზე დაწყებული გამოძიება რომ გავიხსენოთ, ამ დრომდე არ ვიცით, რა შედეგით დასრულდა. ჟურნალისტები დაზარალებულადაც არ უცვნიათ. არაერთი მსგავსი ფაქტი გვახსოვს ბოლო წლებში. იწყება გამოძიება და წლობით გრძელდება კონკრეტული, რეალური შედეგის გარეშე”, – უთხრა მარიამ გოგოსაშვილმა ნეტგაზეთს.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გაავრცელეს უფლებადაცვითმა ორგანიზაციებმა.

“საგანგაშოდ მივიჩნევთ პანკისის სათემო რადიოსა და მისი დამფუძნებლის, გელა მთივლიშვილის წინააღმდეგ ორგანიზებულ კამპანიასა და მუქარის შემცველ განცხადებებს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მოახდინოს კანონის შესაბამისი რეაგირება და უზრუნველყოს მედიის საქმიანობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა”, – განაცხადა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო.”

ფაქტს გამოეხმაურა კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის, რომელიც ათეულობით ორგანიზაციას აერთიანებს. კოალიციამ ფაქტზე დაუყონებლივი სამართლებირვი რეაგირება მოითხოვა.

“მიგვაჩნია, რომ გავრცელებულ მასალაში იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის გათვალისწინებული დანაშაულების, მათ შორის, კოდექსის 154-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის – ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ნიშნები. კოალიციის “მედიის ადვოკატირებისათვის” წევრი ორგანიზაციები მიუღებლად მივიჩნევთ მედიის შევიწროვების ყველა  გამოვლინებას და მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, დროულად აღკვეთონ “პანკისის რადიოს” გუნდის მიმართ არსებული ყველა რისკი”, – აცხადებენ კოალიციაში.


როგორც პანკისის სათემო რადიო აცხადებს, მის დამფუძნებელთან, გელა მთივლიშვილთან საუბარში მასთან დაპირისპირებულმა ჯგუფმა აღნიშნა, რომ რადიო არაობიექტურად აშუქებს 37 წლის ვისური მუთოშვილის მკვლელობის საქმეს, რასაც ჰესების მშენებლობაზე, ორ გვარს შორის დაწყებულ დავას უკავშირებს. მათივე განცხადებით, სათემო რადიო პატივს არ სცემს ქისტების წესებს და აქტიური გაშუქებით ხელი შეუწყო სამი ახალგაზრდის დაკავებას, რომლებმაც ქუჩაში შორტებით გასვლის გამო მამა-შვილს სცემეს და მამას ხელი მოტეხეს. რადიკალურად განწყობილი ჯგუფები პანკისის სათემო რადიოს მუშაობის შეწყვეტის კიდევ ერთ მიზეზად, ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებას ასახელებენ. მათ მიაჩნიათ, რომ პანკისის სათემო რადიომ თავისი არაერთი რეპორტაჟით და ადგილობრივ მცხოვრებლებსა და სამართალდამცავებს შორის, 2019 წლის 21 აპრილს მომხდარი შეტაკების პირდაპირ ეთერში გაშუქებით, ინვესტორის, კომპანია „ალაზანი ენერჯის“ მესაკუთრის ლაშა იორდანიშვილის მიმართ უნდობლობა და წინააღმდეგობა გააღრმავა და რადგან იორდანიშვილს პანკისის ხეობაში მუშაობის შესაძლებლობა არ მიეცა და ის ხეობიდან გააძევეს, პანკისი, სათემო რადიომაც უნდა დატოვოს.

ამ საკითხზე ნახეთ ვრცლად “პანკისის სათემო რადიოს” სტატია.

მასალების გადაბეჭდვის წესი