კოალიცია”მედიის ადვოკატირებისთვის” “პანკისის სათემო რადიოს” საკითხს კიდევ ერთხელ ეხმაურება და აცხადებს, რომ „პანკისის სათემო რადიოს“ წინააღმდეგ წარმოებული კამპანია არ შეიძლება სათანადო რეაგირების გარეშე დარჩეს.
მათივე თქმით, ხელისუფლება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები როგორც მომხდარი ფაქტის გამოძიების, ისე რადიოს 6 ოქტომბრის განცხადების თაობაზე, რომლითაც კიდევ უფრო ნათლად ჩანს ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეუშლის მიზნით დაგეგმილი ნაბიჯები.
“კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები ხელისუფლებას სათემო რადიოს ირგვლივ განვითარებული მოვლენების მიმართ მყისიერი რეაგირებისკენ მოვუწოდებთ, რათა დროულად შეჩერდეს „პანკისის სათემო რადიოს“ გუნდის წინააღმდეგ მიმართული უკანონო მოქმედებები”, — აღნიშნულია კოალიციის განცხადებაში.
როგორც ცნობილია, სოფელ დუისში პანკისის სათემო რადიოს წინააღმდეგ პირველი აქცია 29 აგვისტოს გაიმართა, მეორე კი – 5 სექტემბერს. როგორც “პანკისის სათემო რადიო” აცხადებს, მათ წინააღმდეგ პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში, 2020 წლის 29 აგვისტოს აქცია გაიმართა, სადაც სათემო რადიოს ღიად დაემუქრნენ ოფისის დარბევითა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლით.
გუშინ, 6 ოქტომბერს, “პანკისის სათემო რადიომ” გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, იმ მიზნით, რომ რადიო ოფისის გარეშე დარჩეს, ადგილობრივი ხელისუფლება დაჩქარებულ რეჟიმში აპირებს გაყიდოს შენობა, რომლის მცირე ნაწილშიც რადიოსტუდიაა განთავსებული.
მათივე ცნობით, ახმეტის საკრებულო მხოლოდ ამ საკითხის განსახილველად დღეს, 7 ოქტომბერს იკრიბება.
“ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ პროცესი გაუმჭვირვალედ და საზოგადოების ინფორმირების გარეშე მიმდინარეობს. მერია შენობას დაჩქარებული წესით, დაუსაბუთებლად ასხვისებს და მთავარი მიზანია, სათემო რადიოს მუშაობა რაც შეიძლება მალე შეაფერხონ”, — ნათქვამია რადიოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
“პანკისის სათემო რადიო” საქართველოს სახალხო დამცველს, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს მიმართავს, რათა “ეფექტიანი რეაგირება მოახდინონ “პანკისის სათემო რადიოს” ირგვლივ განვითარებულ სახიფათო მოვლენებსა და წინასაარჩევნოდ, თავისუფალ მედიაზე განხორციელებულ შეტევაზე”.
“მიუხედავად მუქარისა, პანკისის რადიოს სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვლება” – მთივლიშვილი